"ერთი მსოფლიო ჩემპიონატია გასართობი და მეორე ამ "კარენოი" "ნაცების" და ახალი "ნაცების" დაპირისპირება, საგიჟეთი აქვთ", - ამის შესახებ პარლამენტის დიასპორის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ზარქუამ "ნაციონალურ მოძრაობაში" არსებულ დაპირისპირებაზე საუბრისას განაცხადა.
ზარქუას განცხადებით, პარტიაში მიმდინარე პროცესები, სადაც მიხეილ სააკაშვილმა ძველი კადრები ახლებით ჩაანაცვლა, რადიკალური ოპოზიციისთვის დამახასიათებელი მორიგი "სახალისო" მოვლენა და "ფანჩატურის" დაშლის პროცესის ბუნებრივი გაგრძელებაა.
"ძველები აჯანყდნენ, ჩვენ არ გვეძლევა საშუალება, რომ თავი გამოვიჩინოთ ბელადის კარზეო. ბელადი თან ახალზე დებს ფსონს, ახალი სახე ნანულა შემოიყვანა პოლიტიკაში და ჩემი "ბოკუ" ჩააჩოჩა - საწყენია, ბოკუჩავას რაც შეეძლო, აკეთებდა. რაც არ შეუძლია, რატომ უნდა მოსთხოვო ამ ქალბატონს?! განცხადებებს აკეთებდა?! აკეთებდა. დადიოდა და აშავებს ჩვენს ქვეყანას?! აშავებდა. ბრალს დებდა არასწორად ჩვენს ლიდერებს?! ბრალს დებდა. ამას აკეთებენ დანარჩენი "ნაცებიც" და რატომ დაიწუნეს, ვერ ვხვდები.
ჩვენთვის ნაკლებად საინტერესოა, ამ რადიკალებში და უცხო ქვეყნის დაფინანსებულ ორგანიზაციებში რა პროცესი მიმდინარეობს, უბრალოდ სახალისოა.
ასე დაემართება ყველა იმ ჯგუფს, "ფანჩატურს", რომელიც გაერთიანებულია უცხო ქვეყნის დაკვეთით", - განაცხადა ირაკლი ზარქუამ.