"აბსურდული და უსამართლო დოკუმენტი, რომელიც საქართველოს წინააღმდეგ მიმართული ზეწოლისა და შანტაჟის ნაწილია" - უკვე მეორე დღეა თბილისში შეფასებების თემაა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუცია.
მმართველი გუნდი კიდევ ერთხელ აცხადებს, რომ ქვეყნის წინააღმდეგ მიმდინარე კოორდინირებული პროცესების უკან ე.წ. "დიფ სთეითი" და არაფორმალური ოლიგარქიული გავლენები დგას.
უმრავლესობაში ორგანიზაციის პოლიტიკური შურისძიების იარაღად გამოყენებაზე საუბრობენ, მას შემდეგ, რაც ქვეყანამ უარი თქვა გარე დირექტივების დამორჩილებაზე.
"ზოგადი ხელწერაა ამ პოლიტიკური დაჯგუფებების, რომ საკუთარი ვიწრო პოლიტიკური მიზნებიდან გამომდინარე, აბსოლუტურად უაპელაციოდ, უარგუმენტოდ, კონკრეტული მტკიცებულებების გარეშე ცილი დასწამონ, ბრალი წაუყენონ, მათ შორის საქართველოს. ამიტომ, ეს ჩვენთვის ახალი არ არის. მე თვითონაც და დელეგაციის სხვა წევრები ადგილზე ვიყავით და ადგილზე ვუხსნიდით, პირდაპირ, შედარებებით, გვერდზე მითითებით, კონკრეტული სიტყვების ჩანაწერებით, რომ ის, რასაც ისინი წერდნენ ანგარიშში არ ეწერა არც ოდირის ანგარიშში, რომელიც არჩევნებს აკვირდებოდა, არც "მოსკოვის მექანიზმის" ანგარიშში, რომელიც ისედაც გასაგებია, რომ ამოვარდნილია რეალობიდან. მაგრამ, ადგილზე კარგად გამოჩნდა, რომ მთავარი მიზანი არ იყო, არც სიმართლის დადგენა, ან რაიმე კონკრეტულ ფაქტებამდე მისვლა, ეს იყო პირდაპირი პოლიტიკური დაკვეთა, რომ პოლიტიკური შტურმი განეხორციელებინათ ქვეყანაზე, რომ მოეხდინათ საქართველოს ხელისუფლების რეპუტაციის კიდევ უფრო მეტად დაზიანება", - აცხადებს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილი.