პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის, ნინო წილოსანის განცხადებით, სხვა ადამიანის უფლებების შელახვა და შეურაცხყოფა იმ წითელ ხაზს კვეთს, რომელსაც სახელმწიფოს მხრიდან აუცილებელი სამართლებრივი რეაგირება მოსდევს.
ამ განცხადებით ნინო წილოსანი თბილისის საკრებულოსთან განვითარებულ მოვლენებსა და ოპოზიციის ბრალდებებს გამოეხმაურა.
"როდესაც გამოდიხარ და შეურაცხყოფას აყენებ სხვა ადამიანს, ლახავ მის უფლებებს და კვეთ იმ ზღვარს, რომელიც არის წითელი ხაზი და რომლის მიღმაც აუცილებელი იქნება კანონისმიერი რეაგირება, ალბათ მზად ხარ, მიიღო შესაბამისი რეაქცია. თუმცა, ალბათ, ესეც ხდება პროვოკაციულად იმისთვის, რომ უცხოურ მედიაში გაასაღონ, თითქოს აქციის მონაწილეებს, დემონსტრანტებს აკავებს პოლიცია, მაგრამ ამ დაკავებებს აქვს თავისი კანონიერი საფუძველი," - აცხადებს ნინო წილოსანი.
შეგახსენებთ, რომ თბილისის საკრებულოს მიმდებარე ტერიტორიაზე ოპოზიციის აქტივისტი თორნიკე თოშხუა და კიდევ 9 პირი დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაკავებულებს საჯარო სივრცეში შეურაცხმყოფელი ბანერები ეჭირათ, გამოთქვამდნენ შეურაცხმყოფელ ფრაზებს, არღვევდნენ საზოგადოებრივ წესრიგს და წინააღმდეგობას უწევდნენ სამართალდამცველებს. პოლიციამ 10-ვე პირი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის ორი მუხლით აიყვანა.
"ქართულ ოცნებაში" თოშხუას დაკავებაზე ოპოზიციონერი პოლიტიკოსების მხრიდან გაკეთებულ განცხადებებს სპეკულაციურს უწოდებენ და აღნიშნავენ, რომ დაკავების მიზეზი არა მხოლოდ ბანერზე არსებული წარწერა, არამედ სამართალდამცველების მოთხოვნებისადმი დაუმორჩილებლობა გახდა.