თბილისის საქალაქო სასამართლოში, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელის, გრიგოლ ლილუაშვილის პროცესი მიმდინარეობს. სხდომას თავად ბრალდებული არ ესწრება. განხილვა დახურულ რეჟიმში მიმდინარეობს, სადაც ბრალდების მხარის მტკიცებულებებს გამოიკვლევენ.
სუსის ყოფილი უფროსი 23 დეკემბერს დააკავეს. მას ბრალად ედება წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღება, რაც 11-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
"დღეს სასამართლოში დაიკითხება ერთი მოწმე, რომელიც იმ პერიოდისთვის აქტიურად იყო ჩართული თაღლითური ქოლცენტრების საქმიანობაში. მას თავად ჰქონდა რამდენიმე ქოლცენტრი და შესაბამისად, ამ ადამიანისთვის კარგად არის ცნობილი იმ პერიოდში თაღლითური ქოლცენტრების მფარველობასთან დაკავშირებული საკითხები. მას ბრალდებულის სტატუსი აქვს იმ საქმის და იმ ქოლცენტრების ფარგლებში, რომლის საქმიანობაში უშუალოდ იყო თავად ჩართული. გირაო აქვს შეფარდებული მას აღკვეთის ღონისძიების სახით, ის თანამშრომლობს გამოძიებასთან. ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი ინფორმაცია მიაწოდა გამოძიებას", - აცხადებს პროკურორი მარიამ ბერძენიშვილი.