გაზეთ "ასავალ-დასავალის" თითქმის ყველა ნომერში გამოქვეყნებული სტატიების პარალელურად, რომლებშიც ფაქტებისა და მტკიცებულებების გარეშე ირაკლი ღარიბაშვილის გამართლებას ცდილობენ, ამჯერად ექს-პრემიერს მხარდაჭერას გაზეთის დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი უცხადებს. ლაშა ნადარეიშვილი გუშინ მთელი დღის განმავლობაში "კურიერის" სატელეფონო ზარებს არ პასუხობდა. დღეს კი სოციალურ ქსელში წერს ზუსტად იმავეს, რასაც ირაკლი ღარიბაშვილი საკუთარ წერილებში. ღარიბაშვილის მხრიდან დანაშაულის აღიარების მიუხედავად, ჟურნალში დაიბეჭდა არაერთი სტატია ფაქტებისა და მტკიცებულებების გარეშე.
პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის, ნინო წილოსანის განცხადებით, "ასავალ-დასავალის" მასალებში ირაკლი ღარიბაშვილის მიმართ დადებითი განწყობა იკვეთება. მისი შეფასებით, გამოცემა მისი ყოფილი თანაგუნდელის ინტერესებთან დაკავშირებულ ნარატივს ავრცელებდა და საზოგადოება დავით გარეჯთან დაკავშირებით უსაფუძვლო ბრალდებებით შეცდომაში შეჰყავდა.
"თვალნათელია, რომ ამ ბეჭდურ მედიას, "ასავალ დასავალს" ვგულისხმობ განსაკუთრებული პოზიტიური და კარგი განწყობები აქვს ირაკლი ღარიბაშვილის მიმართ, ეს მათი გადასაწყვეტია, თუმცა ტენდენცია, რაც იგრძნობა მათ სტატიებში და იქ გამოქვეყნებულ ინფორმაციებში არის ის, რომ სრულებით იჯდნენ იმ ნარატივზე, რაც ჩვენს ყოფილ თანაგუნდელთან იყო დაკავშირებული და მის ინტერესს ემსახურებოდა და რაც მთავარია ყველაზე დიდი დანაშაული არის, რომ იმ დეზინფორმაციას ავრცელებდნენ, რომელსაც არანაირი საფუძველი არ ჰქონდა და საზოგადოებამაც იხილა, რომ სრულებით არაფერზე დაყრდნობით, რაღაც თითქოს პარანოიკულ წარმოდგენებზე დაფუძნებული დავით გარეჯთან დაკავშირებული ბრალდებები ნიუსდებოდა და მისი მკითხველი შეჰყავდა შეცდომაში", - აცხადებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ნინო წილოსანი.