03 ოქტომბერი 2024,   17:24
ვრცლად
დავითაიას ცემის ფაქტზე დავით გოგოხია დააკავეს

„თავისუფალი ზონის“ ოფისთან მომხდარ ინციდენტამდე დაახლოებით 2 საათით ადრე სამართალდამცველებმა გაზეთ "ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტ ზაზა დავითაიას ცემის ფაქტზე „თავისუფალი ზონის“ წევრი, დავით გოგოხია დააკავეს. დავით გოგოხიასა და ზაზა დავითაიას შორის ინცინდენტი ბულაჩაურის ქუჩაზე გუშინ, 30 სექტემბერს, საღამოს მოხდა.

მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება პოლიციისათვის წინააღმდეგობის გაწევისა და სხვისი ნივთის დაზიანების მუხლებით დაიწყო. დავით გოგოხიასთან პოლიციაში იმყოფებოდა ადვოკატი გოგა ონიანი. მისი განცხადებით, გოგოხიას დაკავება პოლიტიკური დევნის გაგრძელებაა. ონიანის ინფორმაციით, დაკავებულს სახის არეში ფიზიკური დაზიანებები აღენიშნება. გოგოხიას ადვოკატი იმ პოლიციელების პასუხისგებაში მიცემას მოითხოვს, რომლებმაც მის კლიენტს ფიზიკური დაზიანებები მიაყენეს. დღეს დავით გოგოხიას ექსპერტიზა ჩაუტარდება და დღესვე გაირკვევა როდის წაუყენებენ მას ბრალს.

ზაზა დავითაიას მტკიცებით თავს „თავისუფალი ზონის" წარმომადგენლები მას თავს მაშინ დაესხნენ, როდესაც რედაქციაში მიდიოდა. ჟურნალისტის კოლეგები მომხდარს სოციალურ ქსელში „თავისუფალი ზონისა“ და “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წინააღმდეგ დავითაიას ბოლოროინდელ აქტიურობას უკავშირებენ. „თავისუფალ ზონაში“ კი განმარტავენ, რომ დავითაიამ დაპირისპირების პროვოცირება თავად მოახდინა, როცა მათ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.

დავითაია ამ დროისთვის ნეკნის მოტეხილობით და ტვინის შერყევის დიაგნოზით ღუდუშაურის სახელობის კლინიკაში იმყოფება. ექიმების განცხადებით, მას ფიზიკური დაპირისპირების კვალი აღენიშნება, თუმცა მდგომარეობა სტაბილურია.

ამავე თემაზე
დღის ამბები