09 ოქტომბერი 2024,   18:16
ვრცლად
სააკაშვილი ევროპას რუსეთის ახალი თავდასხმის შესახებ აფრთხილებს

რუსეთის მხრიდან მოსალოდნელ საფრთხეზე ილაპარაკა მიხეილ სააკაშვილმა უკრაინული ტელეარხისთვის მიცემულ ინტერვიუში. საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი აცხადებს, რომ ვლადიმერ პუტინის ბოლოდროინდელი ქმედებები უკრაინაში რუსეთის ახალი თავდასხმის მზადებაზე მიუთითებს.

ინტერვიუში მიხეილ სააკაშვილმა უკრაინაში რეფორმების გატარების მნიშვნელობასაც გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ პირველ რიგში, ქვეყანაში კორუფცია უნდა დაამარცხონ.

„პუტინმა გადადგა კონკრეტული ნაბიჯები, რომლებიც აჩვენებს, რომ უკრაინაზე ახალი თავდასხმისთვის ემზადება. მან ერთი მხრივ, გააფორმა გაზის ხელშეკრულება უკრაინასთან და ამით უთხრა ევროპელებს: არ ინერვიულოთ, რაც უნდა გავაკეთო უკრაინაში, თქვენს გაზს მიიღებთ. მეორე მხრივ, მისი თვითმფრინავები ატლანტის ოკეანის თავზე ფრენენ. ამით კი ეუბნება, რომ თუ რამეა, დაგბომბავთ ბირთვული იარაღით. ასე რომ, ის ემზადება თავდასხმისთვის არა მხოლოდ პოლიტიკურად. მაგალითად, აფხაზეთის გამყოფი ხაზიდან რუსეთმა ტანკები უკრაინაში გადაიყვანა. დღეს ევროპელებს ესმით, რომ ეს არ ეხება მხოლოდ ევროპის უდიდეს ქვეყანას - უკრაინას, ეს ეხება აღმოსავლეთ ევროპის ბევრი ქვეყნის გადარჩენას და მთლიანად ევროპის მომავალს. თუ პუტინი აქ გაიმარჯვებს, ყველა ნახავს, რაც მოხდება. მით უმეტეს, ის ბირთვული იარაღის გამოყენებით იმუქრება,“ - განაცხადა სააკაშვილმა.

ამავე თემაზე
დღის ამბები