03 ოქტომბერი 2024,   15:16
ვრცლად
ფარული მოსმენების საკითხზე პარლამენტი მწვავე დებატებისთვის ემზადება

პარლამენტში ფარული მოსმენების პრობლემა ისევ გადაუჭრელი რჩება. არასამთავრობო ორგანიზაციები ე.წ. გასაღების შსს-ზე გადაცემას ეწინააღმდეგებიან. მათთვის ასევე მიუღებელია ამ უკანასკნელის პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის დაქვემდებარებაში ყოფნა.

არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ ხელმძღვანელი ეკა გიგაური აცხადებს, რომ პერსონალურ მონაცემთა ბაზის ინსპექტორს თავად ევალება იმის მონიტორინგი, თუ ვინ და როგორ გამოიყენებს კონკრეტულ ინფორმაციას და თუ გასაღები მის ხელში იქნება, თავად ინსპექტორის კონტროლის პრობლემა წარმოიქმნება.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ხელმძღვანელი კახა კოჟორიძე კი განმარტავს, რომ თუ გასაღები შინაგან საქმეთა სამინისტროს ექნება, ეს გაზრდის ამ უწყების მხრიდან უკანონო მოსმენების რისკს.

შეგახსენებთ, რომ ამ ეტაპზე საკანონმდებლო ორგანოში ფარული მოსმენების 3 მოდელი განიხილება. უმრავლესობის მიერ შემუშავებული ვერსიის თანახმად, ე.წ. გასაღები პერსონალური დაცვის ინსპექტორსა და შსს-ს უნდა ჰქონდეს. იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის ვახტანგ ხმალაძის მიერ წარმოდგენილი ინიციატივის თანახმად, ის მობილურ კომპანიებს უნდა გადაეცეთ. მესამე მოსაზრება კი არასამთავრობოებს ეკუთვნით და ისინი ე.წ. გასაღების შსს-სთვის გადაცემას ეწინააღმდეგებიან და ალტერნატიული ვარიანტის შემუშავებას ითხოვენ.

დღესვე გავრცელდა ინფორმაცია, რომ სამუშაო ჯგუფმა, რომელსაც არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებიც დაესწრებიან, შესაძლოა მეოთხე მოდელიც განიხილონ, თუმცა ჯერჯერობით უცნობია, თუ რა მოდელზეა ლაპარაკი.  

ამავე თემაზე
დღის ამბები