03 ოქტომბერი 2024,   17:20
ვრცლად
რუსთავის მერიიდან 60-მდე თანამშრომელი გაათავისუფლეს

ქალაქ რუსთავის მერიაში განხორციელებული რეორგანიზაციის შედეგად, 60-მდე თანამშრომელი სამსახურიდან გაათავისუფლეს. მერიაში აცხადებენ, რომ რეორგანიზაცია თვითმმართველობის ახალი კოდექსის თანახმად ჩატარდა. თუმცა გათავისუფლებული თანამშრომლები ირწმუნებიან, რომ სამსახურიდან წასვლის შესახებ განცხადება მათ მოტყუებით დააწერინეს.

„განცხადებები დავწერეთ, რომ გავთავისუფლებულიყავით და გადავსულიყავით სხვა ვაკანტურ ადგილებზე. შემდეგ კი გავიგეთ, რომ მოვიდა ბრძანება გათავისუფლების შესახებ. მარტო მე არ ვარ ასეთი. დაახლოებით სამოცამდე ადამიანია, რომელიც დავრჩით უსამსახუროდ,“- აცხადებს ერთ-ერთი გათავისუფლებული თანამშრომელი ლაშა დიდია. მისივე მტკიცებით, ეს რეორგანიზაცია რატომღაც არ შეეხო საკრებულოს თავმჯდომარის დედას, რომელიც ერთ-ერთ მუნიციპალიტეტში მუშაობს.

ამ ბრალდებას რუსთავის მერიაში უარყოფენ. საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი თამარ აქუბარდია განმარტავს, რომ საკრებულოს თავმჯდომარის დედა, ისევე, როგორც სხვა თანამშრომლები, სამსახურიდან დაითხოვეს და ამჟამად უმუშევარია.

მისივე თქმით, უახლოეს მომავალში ადგილობრივ თვითმმართველობებში ჩატარდება ტესტირება, რომლის გავლისა და სამსახურში დაბრუნების შესაძლებლობა მიეცემათ მერიის, როგორც ყოფილ, ისე მოქმედ თანამშრომლებსაც.

დღის ამბები