შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშზე განმარტებები თბილისშიც კეთდება. დოკუმენტის იმ ნაწილს, სადაც რუსთავი 2-ის საქმეზეა საუბარი, მედიაექსპერტები და არასამთავრობო ორგანიზაციები გამოეხმაურნენ.
„რუსთავი 2-ის ქეისი იყო იმის დასტური, რომ მედია ხელისუფლების კონტროლისგან გათავისუფლებული არ არის. რუსთავი 2 იყო ყველაზე უხეში ჩარევა, მცდელობა იმისა, რომ საკუთარი კონტროლის ქვეშ მოექცია ეს ტელეარხი, რომელსაც ყველაზე მაღალი რეიტინგი და დიდი გავლენა აქვს, და რომელიც არის ერთადერთი კრიტიკული არხი დღევანდელი ხელისუფლების მიმართ,“- განაცხადა ჟურნალისტმა, ნინია კაკაბაძემ.
მედიაექსპერტები აცხადებენ, რომ დასკვნა მნიშვნელოვანი უნდა გახდეს არა მხოლოდ ხელისუფლების წარმომადგენლებისთვის, არამედ არასამთავრობო სექტორისთვის, რათა მათ მუდმივი მონიტორინგი განახორციელონ რუსთავი 2-ის საქმესთან დაკავშირებით.
„აღნიშნულია, რომ ეს არის პოლიტიკური შემთხვევა, რომ იყო ხელისუფლების ჩარევა თავისუფალი მედიის საქმიანობაში, მეორე, რომ სასამართლო გადაწყვეტილებები არ იყო დამოუკიდებელი, მესამე, პრეზიდენტის გარდა, თითქმის, ყველა სახელისუფლო პოლიტიკური პარტიის წარომადგენელი ცდილობდა, რომ შემთხვევა მოენათლა, როგორც ორ კერძო სუბიექტს შორის დავა,“- განაცხადა ნინო დანელიამ.
შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა მსოფლიოში ადამიანის უფლებათა მდგომარეობის შესახებ ყოველწლიური ანგარიში გამოაქვეყნა. 2015 წლის ანგარიშში აქცენტი სიტყვის თავისუფლებაზე და ამ კუთხით რუსთავი 2-ის გარშემო განვითარებულ მოვლენებზე კეთდება.
ავტორი: ნათია გოგსაძე