03 ოქტომბერი 2024,   17:24
ვრცლად
აფეთქება თბილისში - რა მოხდა ლისის ტბაზე?

ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე აღმოჩენილი ნაღმების წარმომავლობას სამართალდამცველები სწავლობენ. ასაფეთქებელი მოწყობილობები დამშრალი ტბის ადგილას უბედური შემთხვევის შემდეგ აღმოაჩინეს.

დავით თუშური და მისი სამი მეგობარი ამ ტერიტორიაზე ვარჯიშის დროს ნაღმის აფეთქებისას დაშავდნენ. მძიმედ დაშავებული თუშური ამ დრომდე რესპუბლიკურ საავადმყოფოში წევს, სხვა დაზარალებულები კი ექიმებმა საავადმყოფოდან უკვე გაწერეს.

შემთხვევა ლისის ტბიდან დაახლოებით ერთ კილომეტრზე 28 სექტემბრის საღამოს მოხდა. რთული რელიეფისა და ადგილმდებარეობის გამო, აფეთქებისას დაშავებულ ახალგაზრდებთან სასწრაფო დახმარების ბრიგადა ვერ მივიდა, ამიტომ ექიმებამდე დაჭრილები მაშველებმა მიიყვანეს.

ტერიტორია დაუსახლებელია. თუმცა, როგორც ირკვევა, მონადირეები, სპორტსმენები და მწყემსები იქ ხშირად მოძრაობენ.

გავრცელებული ინფორმაციით, მომხდარის შემდეგ გამნაღმველებმა კიდევ 18 ნაღმი ამოიღეს. თუმცა ამ ფაქტს შინაგან საქმეთა სამინისტროში არ ადასტურებენ. უწყების ცნობით, დამშრალი ტბიდან მხოლოდ აფეთქებული ყუმბარმტყორცნია ამოღებული.

გამოძიება სხეულის გაუფრთხილებლობით დაზიანების მუხლით მიმდინარეობს.

დღის ამბები