03 ოქტომბერი 2024,   17:21
ვრცლად
თავისუფალი ზონის ოფისთან საპატრულო პოლიციაა მობილიზებული

პეკინის 23 ნომერში ხალხმრავლობაა. თავისუფალი ზონის ოფისთან ამ დროისთვის მოძრაობა შეზღუდულია. ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცველები. მათ შენობის მისადგომები ცოცხალი ჯაჭვით და პოლიციის ბარიკადებით აქვთ შემოსაზღვრული. ადგილზე იმყოფებიან პარტია ნაციონალური მოძრაობის წევრები. ისინი ოფისის შენობიდან რამდენიმე წუთის წინ გამოვიდნენ და შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად უსაფრთხოების მაქსიმალური ზომების შემუშავებას ცდილობენ. თავისუფალი ზონის შენობასთან სამართალდამცველები მას შემდეგ გამოჩნდნენ, რაც ორგანიზაციის ოფისთან ერთდროულად ორი საპროტესტო აქციის გამართვა დაანონსდა. საზოგადოებრივი მოძრაობა ”ქართული იდეა’’ და ჟურნალისტები ორგანიზაცია ”თავისუფალი ზონის” ოფისთან ”ასავალ-დასავალის” ჟურნალისტის ზაზა დავითიას ცემის ფაქტს გააპროტესტებენ. დაგეგმილ საპროტესტო აქციებს პროვოკაციად  აფასებენ ”თავისუფალი ზონის” წარმომადგენლები. განცხადება რამდენიმე წუთის წინ კობა ხაბაზმა გააკეთა. ”ეს არის პროვოკაცია, რომელსაც ხელისუფლება მიზანმიმართულად ახორციელებს ჩვენ მიმართ,” - აცხადებს კობა ხაბაზი. 

დღის ამბები