20 ნოემბერი 2024,   00:21
ვრცლად
"რუსთავი 2"-ის საქმე და სააპელაციო სასამართლოს კოლეგიის უარი ადვოკატებს

სააპელაციო სასამართლოში დღეს  იმ შუამდგომლობების განხილვა მიმდინარეობდა, რომელსაც რუსთავი 2-ის ადვოკატები აყენებდნენ. იურისტებმა და არხის გენერალურმა დირექტორმა კოლეგიის ორი მოსამართლის აცილება მოითხოვეს, თუმცა არც ერთი მათგანი სასამართლომ არ დააკმაყოფილა.

ნათია გუჯაბიძის აცილების საკითხის განხილვა თითქმის სამი საათი გრძელდებოდა და აქედან ერთი საათი კოლეგიის წევრების თათბირს დაეთმო. მიუხედავად იმისა, რომ ადვოკატებმა და ნიკა გვარამიამ ამ შუამდგომლობის საფუძველი დეტალურად განმარტეს, სასამართლომ გუჯაბიძის აცილებაზე უარი თქვა.

ეს ის მოსამართლეა, რომლის არასამთავრობო ორგანიზაციაც ერთადერთი იყო, რომელიც თამაზ ურთმელიძის გადაწყვეტილებებს უჭერდა მხარს, რუსთავი 2-ს კი, რომელსაც ურთმელიძემ სამართლიანი სასამართლოს უფლება წაართვა თავდასხმაში ადანაშაულებდა. გუჯაბიძის შემდეგ კი იგივე გადაწყვეტილება კოლეგიამ უკვე შორენა ყაველაშვილზეც მიიღო.

გარდა ამისა იურისტების შეფასებით ნათია გუჯაბიძე იუსტიციის მინისტრის ჯგუფელი და ახლო მეგობარია, თუმცა თეა წულუკიანთან კავშირი მოსამართლე გუჯაბიძემ დღეს უარყო.

სხდომის თავმჯდომარემ განმარტა, რომ განცხადებები, რომლებიც ორგანიზაცია მოსამართლეთა ერთობამ ურთმელიძის დასაცავად გაავრცელა და რომელთა შედგენაშიც ნათია გუჯაბიძეც მონაწილეობდა, საქმის შედეგისადმი მის დაინტერესებას ვერ ადასტურებდა.

რუსთავი 2-ის გენერალური დიქტორისა და იურისტების არგუმენტაცია მიუღებელი აღმოჩნდა ქიბარ ხალვაშის წარმომადგენლისთვის.

მოსამართლეთა კოლეგიის უცვლელი შემადგენლობით რუსთავი 2-ის საქმის განხილვა 13 მაისს 11:00 საათზე გაგრძელდება.

ავტორები:ნათია ტრაპაიძე, სალომე ბოკუჩავა

დღის ამბები