19 ნოემბერი 2024,   23:19
ვრცლად
გეორგიევსკის ლენტები თბილისში-ექსპერტები პროვოკაციასა და კანონდარღვევაზე საუბრობენ

ათამდე ავტომანქანამ, რომლებიც ე.წ. გეორგიევსკის ლენტებითა და რუსული დროშებით იყო გაფორმებული, საქართველო-რუსეთის საზღვარი დღის პირველ ნახევარში გადმოკვეთა. ტურისტების განმარტებით ისინი საქართველოს დათვალიერებას გეგმავენ, რაც შეეხება რუსული სიმბოლიკით მოძრაობას, განმარტავენ რომ ეს რუსულ-ქართული მეგობრობის ნიშანია. ოკუპანტი ქვეყნის სიმბოლიკაზე მათთვის არაფერი უკითხავთ ქართველ მესაზღვრეებსაც.

რუსული სიმბოლიკით ტურისტების თავისუფალი გადაადგილება პროვოკაციულ ქმედებად მიაჩნია პოლიტიკურ მიმომხილველსა და მედიაექსპერტს ირაკლი ტაბლიაშვილს. მისი განცხადებით სახელმწიფომ კონტროლი უნდა გაამკაცროს. საზოგადოებრივი მოძრაობა ივერიას წევრი და საქართველოს კულტურის ყოფილი მინისტრი ნიკა რურუა კი მიიჩნევს, რომ რუსული სიმბოლიკით საქართველოს ტერიტორიაზე თავისუფლად გადაადგილება  ოკუპაციის შესახებ კანონის პირდაპირი დარღვევაა.

მმართველ გუნდში რუსული სიმბოლიკის აფიშირება არ მოსწონთ, თუმცა თვლიან, რომ ეს პრობლემა არა პოლიციისა და სახელმწიფოს მოსაგვარებელი, არამედ სამოქალაქო საზოგადოების საზრუნავია.

ტურისტები, რომლებსაც დღეს კურიერი გაესაუბრა ავტომობილებიდან რუსული სიმბოლიკის მოხსნას არ აპირებენ, საქართველში კი 10 დღიან მოგზაურობას გეგმავენ.

ავტორი: დავით ქაშიაშვილი.

დღის ამბები