03 ოქტომბერი 2024,   17:22
ვრცლად
სასწავლო ცენტრში წვევამდელი გარდაცვლილი იპოვეს

საქართველოს შეიარაღებული ძალების ეროვნულ სასწავლო ცენტრ "კრწანისის" საგუშაგოზე წვევამდელი დავით ბოლოთაური გარდაცვლილი იპოვეს. მას თავის არეში აქვს ჭრილობა მიყენებული. საქმე კი თვითმკვლელობამდე მიყვანის ფაქტზეა აღძრული.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციის თანახმად, გარდაცვლილი წვევამდელი სამხედრო ნაწილის ცვლის უფროსმა აღმოაჩინა.

"საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს წვევამდელ დავით ხვიჩას ძე ბოლოთაურის დაღუპვის გამო და სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილის ოჯახს. რიგითი დავით ბოლოთაური სამხედრო ნაწილის ცვლის უფროსმა საგუშაგოზე გარდაცვლილი იპოვა. მას ჭრილობა თავის არეში ჰქონდა მიყენებული,"- აცხადებენ სამინისტროში.

უწყების განმარტებით, გამოძიება დაწყებულია და საქმე თვითმკვლელობამდე მიყვანის ფაქტზეა აღძრული.

"მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიებას საქართველოს შეიარაღებული ძალების სამხედრო პოლიციის დეპარტამენტი მთავარი პროკურატურის უშუალო ზედამხედველობით აწარმოებს," - აღნიშნავენ უწყებაში.

1996 წელს დაბადებული დავით ბოლოთაური საქართველოს შეიარაღებულ ძალებში 2014 წლის 3 სექტემბრიდან ირიცხებოდა. იგი საქართველოს შეიარაღებული ძალების ეროვნულ სასწავლო ცენტრ "კრწანისში" პროცესების მხარდაჭერის ასეულში სავალდებულო სამხედრო სამსახურს იხდიდა.

თავდაცვის სამინისტრო სრულად დაფარავს წვევამდელის დაკრძალვასთან დაკავშირებულ ხარჯებს.

 

დღის ამბები