უჩა ნანუაშვილი სასამართლო ხელისუფლების მხრიდან გამოხატვის თავისუფლებაში ჩარევაზე საუბრობს და მაგალითად რუსთავი 2-ის სასამართლო პროცესი მოჰყავს.
„ტელეკომპანია რუსთავის 2-ის შესახებ მიმდინარე სამართლებრივი დავის პროცესში მწვავედ დადგა ჯანსაღი მედიაგარემოს შენარჩუნების და ასევე დაისვა სასამართლო ხელისუფლების მხრიდან გამოხატვის თავისუფლებაში გაუმართლებელი ჩარევის საკითხები,“-აცხადებს ნანუაშვილი.
პარლამენტში ანგარიშის წარდგენის დროს მან რუსთავი 2-ის პროცესზე საუბრისას თამაზ ურთმელიძის მიერ გამოტანილი განჩინებაც გააკრიტიკა, რომელიც ტელეკომპანიაში დროებითი მმართველობის დანიშვნას ეხებოდა.
„ეს განჩინება რუსთავის 2-ის სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას არღვევს, რადგან ის დაუსაბუთებელია და ეწინააღმდეგება კანონის განჭვრეტადობის პრინციპს, ამასთანავე სასამართლოს მიერ არხის სარედაქციო პოლიტიკის შეფასება სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებაში ჩარევას წარმოადგენს,“-აღნიშნა ნანუაშვილმა.
მან ასევე დაასახელა 2015 წლის აქტუალური საკითხები, რომელთა შორის კიდევ ერთხელ ახსენა რუსთავი 2-ის სასამართლო პროცესი და ნიკა გვარამიას განცხადება მასზე განხორციელებული მუქარის შესახებ პირად ცხოვრებასთან დაკავშირებით.