"განუკითხაობა" - ასეთი იყო სააპელაციო სასამართლოს დარბაზში მსხდომთა შეფასება, რომელებიც რუსთავი 2-ის საქმის განხილვას ესწრებოდნენ. პროცესი დღესაც ხმამაღალი განცხადებებისა და მწვავე შეფასებების ფონზე მიმდინარეობდა, თუმცა სხდომის ბოლოს კოლეგიამ მაინც დააკმაყოფილა ის მოთხოვნა, რომელიც ტელეკომპანია საქართველოს ყადაღას ეხება. სასამართლოს გადაწყვეტილება ამ საკითხზე 17 მაისს გახდება ცნობილი.
კოლეგიის ბოლო გადაწყვეტილებას წინ რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორისა და ადვოკატების შუამდგომლობები უძღოდა. პროცესის დაწყებისთანავე პირველი შუამდგომლობა სხდომის თავმჯდომარის აცილებას ეხებოდა, რომელიც სამაუწყებელო კომპანიის წარმომადგენლების განცხადებით ამ პროცესზე კონკრეტულ დავალებას ასრულებს. აცილება კოლეგიამ არ დააკმაყოფილა თუმცა მოსამართლეებმა რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორის გამონათქვამებს შეურაცხმყოფელი უწოდეს და ნიკა გვარამია 500 ლარით დააჯარიმეს.
რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორის დაჯარიმება კომპანიის იურისტებისთვის კიდევ ერთი არგუმენტი გახდა ნატა ნაზღაიძის პროცესიდან აცილების შუამდგომლობის დასაბუთებისას. ადვოკატების შეფასებით სხდომის თავმჯდომარე ვერ შეძლებდა საქმეზე ობიექტური გადაწყვეტილების მიღებას, რადგან ღიად გამოხატავდა საკუთარ დამოკიდებულებას.
ქიბარ ხალვაშის წარმომადგენელი სხვა შუამდგომლობებთან ერთად არც სხდომის გადადების შუამდგომლობას დაეთანხმა, თუმცა მოსამართლეებმა პროცესი მაინც გადადეს. საქმის განხილვა 30 მაისს გაგრძელდება.
ავტორი: ნათია ტრაპაიძე.