რუსთავი 2-ის გარშემო განვითარებულ მოვლენებს განსაკუთრებული ყურადღებით აკვირდებიან შეერთებულ შტატებში, როგორც ამერიკის ადმინისტრაციის წარმომადგენლები, ასევე ის გავლენიანი არასამთავრობო წრეები, რომლებიც ვაშინგტონში საქართველოს თემაზე მუშაობენ. მაკკეინის ინსტიტუტის ადამიანის უფლებათა და დემოკრატიის განყოფილების დირექტორი დევიდ ქრეიმერი რუსთავი 2-ის შეუფერხებელი მაუწყებლობის მნიშვნელობაზე საუბრობს.
პრესის თავისუფლების და პლურალიზმის მნიშვნელობაზე ისაუბრა ამერიკის ყოფილმა ელჩმა საქართველოში, კენ იალოვიცმა. მან აღნიშნა, რომ შეერთებულ შტატებში განსაკუთრებული ინტერესით აკვირდებიან რუსთავი 2-თან დაკავშირებულ მოვლენებს. იალოვიცის თქმით, პლურალიზმი და მედიის თავისუფლება დაცული უნდა იყოს. სასამართლო კი ღია, ტრანსფარენტული და სამართლიანი.
ანალიტიკოსები ამბობენ, რომ საქართველოში შეუფერხებლად და მთავრობისგან ჩაურევლად უნდა მაუწყებლობდეს ყველა მედიასაშუალება, იქნება ის ნაკლებად თუ მეტად კრიტიკული ხელისუფლების მიმართ. საუკეთესო მსაჯული, ანალიტიკოსების თქმით ამ შემთხვევაში ხალხი იქნება.
ავტორი: დავით ნიკურაძე.