სასამართლო კოლეგიის თავმჯდომარის, ნატა ნაზღაიძის, მხრიდან რუსთავი2-ის მხარისთვის პოზიციის დაფიქსირების არაერთი შეზღუდვის მცდელობა სამაუწყებლო კომპანიამ საპროცესო უფლების უხეშ დარღვევად შეაფასა, რის გამოც რუსთავი2-ის გენერალურმა დირექტორმა მისი აცილების შუამდგომლობა დააყენა.
რუსთავი2-ის გენერალურმა დირექტორმა ნატა ნაზღაიძეს უნდობლობა გამოუცხადა და ის კანონმდებლობისა და სამოსამართლო ეთიკის დარღვევაში დაადანაშაულა.
ნიკა გვარამიამ წინასწარ დაწერილი გადაწყვეტილების შესახებ სხდომაზე კიდევ ერთხელ ისაუბრა და დააკონკრეტა, რომ არსებობს ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, გადაწყვეტილება, რომლის გამოცხადებასაც, პროცესის მიმდინარეობის მიუხედავად, სააპელაციო სასამართლო აპირებს, იუსტიციის სამინისტროში დაიწერა.
ნიკა გვარამიას შეფასებები ნატა ნაზღაიძემ სასამართლოს შეურაცხყოფად მიიჩნია და არხის გენერალური დირექტორი 500 ლარით დააჯარიმა.
კოლეგიის თავმჯდომარის აცილების აუცილებლობაზე ისაუბრეს რუსთავი2-სა და ტელეკომპანია საქართველოს ადვოკატებმაც.
თავმჯდომარის აცილებას არ დაეთანხმა სხდომაზე ქიბარ ხალვაშის ადვოკატი. პაატა სალიამ მიიჩნია, რომ შუამდგომლობა დასაბუთებული არ იყო.
ერთსაათიანი მსჯელობის შემდეგ, სააპელაციო სასამართლოს კოლეგიის ორმა მოსამართლემ ნატა ნაზღაიძის აცილების საფუძველი ვერ დაინახეს.
სააპელაციო სასამართლოში გუშინ საქართველოში მოქმედი თითქმის ყველა პარტიის წარმომადგენელი მივიდა. ეჭვი იმაში, რომ რუსთავი2-ის წინააღმდეგ ხელისუფლება იბრძვის, არავის ეპარება.
ოპოზიცია დამოუკიდებელი ტელეკომპანიის წინააღდეგ მიმდინარე ბრძოლაში ხელისუფლებას და პირადად ბიძინა ივანიშვილს ადანაშაულებს.
ერთადერთი, ვინც ჯერ ისევ კერძო სუბიექტებს შორის არსებულ დავაზე საუბრობს, მმართველი გუნდია. საპარლამენტო უმრავლესობა რუსთავი2-ის გაჩერებაში ხელისუფლების ინტერესს ვერ ხედავს, თუმცა აქვე მის სარედაქციო პოლიტიკას მაინც აკრიტიკებს.
ავტორი: ეკა გაგუა