რუსთავი-2 საქართველოს პრეზიდენტს შეხვედრის ინიციატივით მიმართავს. ინფორმაცია რომლის მიწოდებასაც რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორი პრეზიდენტისთვის გეგმავს სასამართლო სისტემაში მიმდინარე მოვლენებს შეეხება. ნიკა გვარამია ამბობს, რომ შეხვედრაზე შეთავაზების მიღების შეთხვევაში გიორგი მარგველაშვილი დეტალურ ცნობებს მიიღებს იმ გეგმაზე, რომელიც ხელისუფლებას რუსთავი 2-თან დაკავშირებით აქვს, ასევე გაიგებს რა კავშირი აქვს ამ ყველაფერს საკონსტიტუციო სასამართლოს ირგვლივ მიმდინარე მოვლენებთან.
პრეზიდენტთან აუდიენცია დღის წესრიგში სააპელაციო სასამართლოს მიერ დღეს მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ დადგა. ნატა ნაზღაიძის კოლეგიამ რამდენიმე თვიანი დაგვიანებით დააკმაყოფილა იურისტების მოთხოვნა და TV საქართველოს წილებზე თამაზ ურთმელიძის მიერ დადებული ყადაღა გააუქმა. ადვოკატები ამბობენ, რომ სხვაგვარი გადაწყვეტილების მიღების საფუძველი სასამართლოს არ ჰქონდა, თუმცა არ გამორიცხავენ, რომ ამ განჩინების უკან გარკვეულ საფრთხე არსებობდეს.
მხარეები სააპელაციო სასამართლოსგან ახლა გადაწყვეტილების დასაბუთებულ ნაწილს ელოდებიან სადაც გაწერილი იქნება ის არგუმენტაცია რითიც ნატა ნაზღაიძის კოლეგიამ იხელმძღვანელა. რუსთავი2-სა და მისი მფლობელების იურისტები საკუთარ სააპელაციო პოზიციას ძირითად სარჩელზე სწორედ ამ დოკუმენტის მიღების შემდეგ ჩამოაყალიბებენ. საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში 30 მაისს არის ჩანიშნული.
ავტორი: ნათია ტრაპაიძე.