არასამთავრობო ორგანიზაციები - საია და სამართლიანი არჩევნები სოფელ კორცხელის 53-ე უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარი დაპირისპირების გამოძიებას და დამნაშავეების დასჯას ითხოვენ.
საიას მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ახალგაზრდა იურისტების წარმომადგენლები უშუალოდ შეესწრნენ ინცინდენტს.
"დაპირისპირებაში რამდენიმე ათეული ადამიანი მონაწილეობდა, რა დროსაც ფიზიკური დაზიანება მიიღეს ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებმა. ასევე, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს მედიასაშუალების წარმომადგენლებს. ამ ეტაპისთვის პოლიცია იმყოფება საუბნო საარჩევნო კომისიის მიმდებარე ტერიტორიაზე, თუმცა არასაკმარისი რაოდენობით"- აღნიშნულია განცხადებაში.
განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ მსგავსი ფაქტები უარყოფით ზეგავლენას ახდენს კონკურენტულ და თანასწორ საარჩევნო გარემოზე.
ანალოგიურ განცხადებას აკეთებენ სამართლიანი არჩევნებიც და გმობენ ძალადობას.
"სამწუხაროა, რომ პოლიტიკური დაპირისპირებისთვის სპორტსმენების ფიზიკური ძალის გამოყენების სახიფათო პრაქტიკა კვლავ გრძელდება. მსგავსი ძალადობრივი ქმედება ეწინააღმდეგება დემოკრატიული, სამართლიანი და თავისუფალი არჩევნების პრინციპებს," - ნათქვამია განცხადებაში.