ოპოზიცია რუსთავი 2-ის დღევანდელ პროცესზე დასწრებას გეგმავს. ისინი სასამართლოს დამოუკიდებლობას ეჭვქვეშ აყენებენ. მათი აზრით, სამაუწყებლო კომპანიის საქმესთან დაკავშირებით აშკარაა პოლიტიკური დაინტერესება.
"ამ სასამართლო პროცესებს არაფერი აქვს საერთო სამართალთან და მართლმსაჯულებასთან. ეს არის ივანიშვილის ხელისუფლების მხრიდან მცდელობა, რომ სამართლებრივად გააპრავოს რუსთავი 2-ის მიტაცება,"- განაცხადა ნაციონალური მოძრაობის წევრმა, პეტრე ცისკარიშვილმა.
ოპოზიციის აზრით, საქმის ობიექტურად წარმართვას საარჩევნო პერიოდში მყოფი ქვეყნისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს.
„ეჭვი არასდროს გვეპარებოდა, რომ ეს იყო ხელისუფლების შეტევა ხელისუფლებისგან დამოუკიდებელ ტელეკომპანია რუსთავი 2-ზე, ძალიან მძიმე პროცესებია, ხელისუფლებას ამაზე წასვლას არ ვურჩევთ“- განაცხადა თავისუფალი დემოკრატების წევრმა, ნინო გოგუაძემ.
არასაპარლამენტო ოპოზიციაშიც მიაჩნიათ, რომ რუსთავი 2-ის საქმე პოლიტიზირებულია და ხელისუფლების დაინტერესება იკვეთება. ოპოზიციის შეფასებით, პროცესი არ უნდა წარიმართოს დაჩქარებულად და გადაწყვეტილებებმა დამატებითი შეკითხვები არ უნდა გააჩინოს.
ქართულ ოცნებაში კი აღნიშნავენ, რომ საქართველოში სასამართლო ხელისუფლება დამოუკიდებელი ხდება.