რუსთავი 2-ის საქმეზე მიმდინარე პროცესს აფასებენ არასაპარლამენტო ოპოზიციაში, რომლებიც სასამართლოზე იმყოფებიან. ისინი არხის გენერალური დირექტორის მიერ პროცესზე გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურნენ, სადაც ნიკა გვარამიამ განაცხადა, რომ აქვს მტკიცებულებები, რაც ამტკიცებს, რომ მოსამართლეთა კოლეგიაზე ხორციელდებოდა ზეწოლა. გვარამიამ კოლეგიის აცილება მოითხოვა,რაზე უარი მას უარი ეთქვა.
რუსთავი 2-ის დირექტორის თქმით, წინა კოლეგიის ერთ-ერთმა მოსამართლემ ერთ სასულიერო პირს გაანდო ინფორმაცია, რომ ზეწოლა იყო კოლეგიაზე და გადაწყვეტილება უკვე დაწერილი იყო იუსტიციის სამინისტროში, მინისტრ წულუკიანის მონაწილეობით.
როგორც არასაპარლამენტო ოპოზიციის წევრები ამბობენ, ნიკა გვარამიას განცხადება კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ რუსთავი 2-ის გარშემო მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით ხელისუფლების ინტერესი ძალიან მაღალია. შესაბამისად, პოლიტიკოსებს მიაჩნიათ, რომ რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორის მიერ გაკეთებული განცხადება გამოძიების დაწყების საფუძველს იძლევა.
„როდესაც არსებობს ამ სახის ინფორმაცია, ბუნებრივია, სასამართლომ უნდა მიიღოს ის მხედველობაში და განსაკუთრებით იმ გარემოებების ფონზე, რომ რამდენჯერმე მოხდა სასამართლო კოლეგიის აცილება, არც ერთი განცხადება არ გაკეთებულა იმის შესახებ თუ რატომ იხილავს კონკრეტულად ეს კოლეგია საქმეს. იმ პირობებში, რომ არ არსებობს ამგვარი განმარტება გაკეთებული, ბუნებრივია, საზოგადოებაში ამგვარი ეჭვები არსებობს,“- აცხადებს პაატა ბურჭულაძის მრჩეწველი, დავით ჯანდიერი.
სასამართლო კოლეგიის აცილების აუცილებლობაზე საუბრობს რეფორმატორების თავმჯდომარე. მას მიაჩნია, რომ ამის არსებითი საფუძველი არსებობს.
"მინდა მოვუწოდო ხელისუფლებას, რომელიც პირდაპირ ზეგავლენას ახდენს სასამართლო პროცესებზე, რომ აკონტროლონ ხურჩა, საარჩევნო პროცესი და თავი დაანებონ სასამართლოს. სასამართლო, ისევე როგორც რუსთავი 2 ეკუთვნის ხალხს და მართლა ბინძური ხელები მოაშორონ სასმართლო ხელისუფლებას და სახალხო ხელისუფლებას, რომელსაც რუსთავი 2 ქვია," - აღნიშნა ირაკლი ღლონტმა.