19 ნოემბერი 2024,   22:27
ვრცლად
„ივანიშვილი ამბობს, რომ მედია თავისუფალია და ლაივში ვუყურებ რუსთავი 2-ის პროცესს"- ირმა ნადირაშვილი

ბიძინა ივანიშვილის წერილს საპარლამენტო უმცირესობაში გამოეხმაურნენ. ივანიშვილის მიმართვაში აღნიშნულია, რომ მედია და სასამართლო თავისუფალია, რასაც ნაციონალურ მოძრაობაში არ ეთანხმებიან.

„ივანიშვილი ამბობს, რომ მედია თავისუფალია და მე ლაივში ვუყურებ რუსთავი 2-ის სასამართლო პროცესს. ამბობს, რომ არ აქვს ბიზნესინტერესები და ვხედავ პანორამა თბილისს და გლდანში წამოჭიმულ ბიტკოინების ქარხანას, ამბობს, რომ აღარ არის ძალადობა და  კორცხელში მოჭიდავეები უსწორდებიან დაუცველ მოქალაქეებს“,- განაცხადა ირმა ნადირაშვილმა.

ელენე ხოშტარიას განცხადებით, ბიძინა ივანიშვილის მთავარი მიზანია ნაციონალურ მოძრაობასთან ბრძოლა და ოპონენტების განადგურებაა და არა ქვეყნის განვითარება.

მიხეილ მაჭავარიანი ივანიშვილის წერილის იმ ნაწილზე აკეთებს აქცენტს, სადაც ეკონომიკაზე იყო საუბარი, და აღნიშნავს, რომ ეს არის ტყუილები ციფრებში. მაჭავარიანის განცხადებით, საქართველოში რეკორდული საგარეო და საშინაო ვალია.

რომან გოცირიძე გოგა ხაინდრავას ფილმის სათაურს იხსენებს და აღნიშნავს, რომ „ეს არის ოცნებების სასაფლაო“.

სალომე სამადაშვილი აღნიშნავს, რომ ბიძინა ივანიშვილის მმართველობის ევროატლანტიკური მომავალი სასწორზე დადგა და მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილი რეალობას მოწყვეტილია.

 

ავტორი: ელისო ჯარიაშვილი

ამავე თემაზე
დღის ამბები