პოლიტიკოსები მიიჩნევენ, რომ რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას მიერ სასამართლო პროცესზე გაკეთებული განმარტება, სასულიერო პირის მიერ სასამართლოზე არსებულ ზეწოლაზე გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით, გამოძიების დაწყების საფუძველი უნდა გახდეს.
„გვარამიას განცხადება იმსახურებს განსაკუთრებით ყურადღებას და ჩვენი ქვეყნის კანონმდებლობით ეს განცხადება უნდა გახდეს საგამოძიებო ორგანოების მხრიდან გამოძიების დაწყების საფუძველი. საინტერესოა, იმ ადამიანების წრე გამოიკვეთოს ვისაც გაენდო ეს სასულიერო პირი და ვისი პირითაც შემოუთვალა გვარამიას ამასთან დაკავშირებით, სამწუხაროდ არ გამოიჩინა სასამართლომ სათანადო დაინტერესება. ვნახოთ, მე ვფიქრობ რომ საგამოძიებო ორგანოები დაინტერესდებიან ამ განცხადებით,“ - განაცხადა ახალი მემარჯვენეების ლიდერმა მანანა ნაჭყებიამ.
პოლიტიკური გაერთიანება სამოქალაქო ალიანსი თავისუფლებისათვის თავმჯდომარე ზურაბ ხარატიშვილი კი მიიჩნევს, რომ ნიკა გვარამიას განცხადებაზე გამოძიების დასრულებამდე სასამართლო პროცესი უნდა შეწყდეს.
„რჩება შთაბეჭდილება, რომ სასამართლო წარმოადგენს რუსთავი 2-ის მოწინააღმდეგე მხარეს. სასამართლომ მინიმუმ უნდა შეაჩეროს პროცესების განხილვა მანამ, სანამ ეს საკითხი არ გაირკვევა,“ - განაცხადა ზურაბ ხარატიშვილმა.