სასამართლო პროცესის დაჩქარებულ ტემპში მიმდინარეობა კითხვის ნიშნებს უჩენს მედიაზე მომუშავე მესამე სექტორის წარმომადგენლებს. მათი თქმით ხელისუფლება ცდილობს არჩევნებამდე შეცვალოს რუსთავი 2-ის სარედაქციო პოლიტიკა. ამის შესახებ მესამე სექტორის წარმომადგენლები საუბრობენ.
არჩევნებამდე საქმის დასრულებაზე საუბრობს ჟურნალისტი ნინია კაკაბაძეც, რომელიც დარწმუნებულია, რომ ასეთი მითითება ხელისუფლებიდან მოდის.
„რადგან ბრძოლა დაიწყეს, მათი გადაწყვეტილება არის, რომ ეს პრობლემა მოაგვარონ არჩევნებამდე,“- განაცხადა ნინია კაკაბაძემ.
მმართველ გუნდში სასამართლო პროცესზე ხელისუფლების მხრიდან რაიმე ტიპის ზეწოლას კატეგორიულად გამორიცხავენ და ამბობენ, რომ დღეს სასამართლო დამოუკიდებელია.
„არაფერი ახალი არ ისმის რუსთავი 2-გან. ერთიდაიგივე ტექსტები. დაელოდონ სასამართლოს გადაწყვეტილებას, დღეს ქვეყანაში სასამართლო არის ყველაზე მეტად თავისუფალი ვიდრე ის ოდესმე ყოფილა, დღეს სასამართლო ხელისუფლების საქმიანობაში არ ერევა არავინ. თუ ადამიანს რაიმე პრეტენზია აქვს ერთადერთი გზა ეს არის სასამართლო სადაც მან უნდა იდავოს. დაანებოს რუსთავი 2-მა ხელის გაშვერას თავი ხელისუფლებისკენ,“ - განაცხადა მანანა კობახიძემ.
ოპოზიციაში კი აცხადებენ, რომ რუსთავი 2-ის საქმეში ნათლად ჩანს, რომ ხელისუფლება ცდილობს გააჩუმოს ის ტელევიზია, რომელიც მის დაქვემდებარებაში არ არის. როგორც თავისუფალი დემოკრატების წევრი დეპუტატი ირაკლი ჩიქოვანი აცხადებს, ხელისუფლებას შეიძლება ჰქონდეს პრეტენზია რუსთავი 2-ის სარედაქციო პოლიტიკასთან, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მათ "სახელწმიფოს მანქანის გამოყენებით მოინდომოს ამ ტელეკომპანიის დამორჩილება,“ - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.
ავტორი: მარიამ გაფრინდაშვილი.