საპარლამენტო უმცირესობა სააპელაციო სასამართლოში რუსთავი 2-ის მიმდინარე პროცესს აფასებს.
თავისუფალი დემოკრატები და ეროვნული ფორუმი აცხადებენ, რომ ხელისუფლება დაინტერესებულია, რომ რუსთავი 2 ხელში ჩაიგდოს და შეიცვალოს მისი სარედაქციო პოლიტიკა.
"კითხვები დაჩქარებულ ტემპთან დაკავშირებით მეც მაქვს, გამომდინარე იქიდან, რომ ეს არის ძალიან მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მქონე თემა და ეხება მედიას და კითხვის ნიშანზე ბოლომდე პასუხი გაცემული უნდა იყოს,“ - აღნიშნავს ფრაქცია ეროვნული ფორუმის წევრი, ანი მიროტაძე.
თავისუფალი დემოკრატების განმარტებით, ეს ხელისუფლებას ჭირდება, რათა 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის რუსთავი 2 ამ ფორმით აღარ არსებობდეს.
"ასეთი ქმედებები, რომელიც მიმართულია ხელისუფლებისგან დამოუკიდებელ ტელევიზიაზე, არის პირდაპირ პოლიტიკური შინაარსის მატარებელი,“ - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.