თბილისის მერი ბოტანიკური ბაღის მიმდებარე ტერიტორიაზე ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობას გუშინ უარყოფდა, დღეს კი ჰესის მშენებლობა დაადასტურა, თუმცა განაცხადა, რომ მშენებლობა ბოტანიკურ ბაღში არ განხორციელდება.
ენერგეტიკის მინისტრის მიერ ხელმოწერილი შესაბამისი მემორანდუმი გუშინ გასაჯაროვდა. მისი მიხედვით ირკვევა, რომ შპს წავკისი ჰესმა მცირე ზომის ჰიდროელექტროსადგური უნდა ააშენოს. დოკუმენტის მიხედვით, კაშხალი წავკისში უნდა გაკეთდეს. რაც შეეხება ჰესის აგრეგატს, ოპოზიციის მიერ გასაჯაროებული დოკუმენტის თანახმად, მის დადგმას კომპანია სწორედ ბოტანიკურში გეგმავს.
ოპოზიცია მშენებლობას ბიძინა ივანიშვილის ინტერესებს უკავშირებს. ყოფილი პრემიერი გავრცელებულ ინფორმაციას "სიცრუეს" უწოდებს.
მიუხედავად იმისა, რომ სამინისტროში გუშინ ჰიდროელექტროსადგურის შესახებ გადაწყვეტილების მიღებას უარყოფდნენ, დღეს კახი კალაძემ დაადასტურა, რომ მემორანდუმი სწორედ ჰესის მშენებლობას ითვალისწინებს, მაგრამ არა ბოტანიკურ ბაღში.
ავტორები: ეკო მაღრაძე, გოგიტა მაღლაკელიძე, თამარ შალოშვილი.