19 ნოემბერი 2024,   21:22
ვრცლად
"ხელისუფლების ძალადობა დამოუკიდებელ ტელეკომპანიაზე" - არასამთავრობოები სააპელაციოს გადაწყვეტილებას აფასებენ

სააპელაციო სასამართლომ რუსთავი 2-ის მფლობელად კვლავ ქიბარ ხალვაში დატოვა. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას პოლიტიკურს უწოდებენ არასამთავრობო სექტორში. საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის გამგეობის წევრი გიორგი მშვენიერაძე ამბობს, რომ რუსთავი 2-ის წინააღმდეგ ბრძოლა დაიწყო არა ხალვაშის, არამედ ხელისუფლების ნებით.

„სამართალწარმოება რუსთავი 2-ის, სიტყვის თავისუფლების და გამოხატვის თავისუფლების წინააღმდეგ და არა მისი მეპატრონეების, მესაკუთრეების წინააღმდეგ დაიწყო არა ბატონი ხალვაშის, არამედ ამ ქვეყნის ხელისუფლების ნებით და რაც ყველაზე მთავარია, გადაწყვეტილება დაიწერა მანამდე, სანამ დაიწყებოდა დავა,“-განაცხადა გიორგი მშვენიერაძემ.

სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების აღმასრულებელი დირექტორის მიხეილ ბენიძის თქმით, რუსთავი 2-ის საქმეზე კითხვები არსებობს, როგორც ქვეყნის გარეთ, ასევე შიგნით.

ყოფილი პრემიერის ბიძინა ივანიშვილის ინტერესებზე ამახვილებს ყურადღებას ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე.

„შემიძლია ერთმნიშვნელოვნად ვთქვა, რომ ეს იყო ხელისუფლების ძალადობა დამოუკიდებელ ტელეკომპანიაზე. ეს იყო გამოხატვის თავისუფლებაში უხეში ჩარევა. გადაწყვეტილება იყო სავსებით უკანონო და ვინც ნახა ივანიშვილის გამოსვლა ორი სამი დღით ადრე ამ გადაწყვეტილებამდე, ყველა მიხვდებოდა რა გადაწყვეტილებას გამოიტანდა სასამართლო,“-განაცხადა ზაზა ხატიაშვილმა. 

დღის ამბები