ოფიციალური ვაშინგტონი საქართველოს ხელისუფლებას დემოკრატიის უმთავრეს საფუძვლებს ახსენებს. რუსთავი2-ის საქმესთან დაკავშირებით სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტში გამოეხმაურნენ.
ყოველდღიურ ბრიფინგზე უწყების წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ მედიის თავისუფლება, პოლიტიკური პლურალიზმი და სასამართლოს დამოუკიდებლობა უმნიშვნელოვანესია საქართველოს ევროატლანტიკური განვითარებისთვის.
„თქვენ საუბრობთ თბილისის სააპელაციო სასამართლოზე. გადაწყვეტილებაზე, რომელიც მიიღეს რუსთავი2-ის მფლობელებთან დაკავშირებით. როგორც მივხვდი, თბილისის სააპელაციო სასამართლომ გადაწყვიტა ძალაში დატოვოს ქვედა ინსტანციის სასამართლოს დადგენილება, რომელიც რეალურად რუსთავი2-ის მფლობელობის მოსარჩელე მხარისთვის გადაცემას ნიშნავს. და ასევე, როგორც ვხვდებით, რუსთავი2-ის მენეჯმენტი დარჩება ადგილზე სააპელაციო პროცესების ამოწურვამდე. ვფიქრობ, უნდა ვთქვათ, რომ მნიშვნელოვანია, გავითვალისწინოთ, რომ მედიის თავისუფლება, პოლიტიკური პლურალიზმი და სასამართლოს დამოუკიდებლობა არის ნებისმიერი დემოკრატიის არსებითი საფუძველი და უმნიშვნელოვანესია საქართველოს წარმატებული ევროატლანტიკური გადაწყვეტილებისთვის. ასე რომ, ჩვენ მხოლოდ მოვუწოდებთ ყველა მხარეს ამ კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებით, გამოიჩინოს თავშეკავებულობა და სასამართლოს მეშვეობით იმუშაოს ამ საკითხის მოსაგვარებლად იმგვარად, რომელიც ხელს შეუწყობს საქართველოს დემოკრატიულ განვითარებას,“ - განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესმდივანმა, მარკ ტონერიმ.