ხმაურია ამ წუთებში წყნეთი-ბეთანიის დამაკავშირებელ გზაზე. სამადლოს, კიკეთის და ბეთანიის მოსახლეობის თქმით 13 ივნისის წყალდიდობიდან ერთი წელი გავიდა და დაზიანებული გზის მონაკვეთის აღდგენა ამ დრომდე არ მომხდარა. ისინი ასევე განმარტავენ, რომ ბეთანიიდან წყნეთში მოსახვედრად მათ 5-ჯერ მეტი გზის გავლა უწევთ.
ადგილობრივები ხელისუფლებას მიმართავენ და გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყებას სთხოვენ.
დაზიანებულ გზაზე შეკრებილ მოსახლეობას საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდში უპასუხეს. უწყების აღმასრულებელი დირექტორის ჯუანშერ ბურჭულაძის თქმით სამშენებლო სამუშაოები ზაფხულის ბოლომდე დაიწყება.
“მუნიციპალური განვითარების ფონდს გადმოეცა წინა კვირას ეს პროექტი განსახორციელებლად და აქამდე ამერიკის მთავრობის დახმარებით კვლევა მიდიოდა საერთოდ შესაძლებელია თუ არა იქ გზის აღდგენა. კვლევამ აჩვენა და ამერიკელებმა რეკომენდაცია გაგვიწიეს, რომ შესაძლებელია იქ გზის აღდგენა. ორ კვირაში სატენდერო პროცედურები დაიწყება, ზაფხულის ბოლომდე დაიწყება სამშენებლო სამუშაოები და ერთ წლიანი პროექტი იქნება,“ - განაცხადა ჯუანშერ ბურჭულაძემ.
ავტორი: თამთა დოლენჯაშვილი.