საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭო რუსთავი 2-ის გადამღებ ჯგუფზე თავდასხმის ფაქტს ეხმაურება. განცხადებაში, რომელიც ქარტიის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა ხაზგასმულია ის ფაქტი, რომ ბოლო პერიოდში ჟურნალისტებზე გახშირებული თავდასმების გამოძიებაში არ არის გამოყენებული სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლი, რაც ჟურნალისტისთვის საქმიანობაში ხელის შეშლას გულისხმობს.
"ბოლო პერიოდში ჟურნალისტებზე თავდასხმის უკვე არაერთი შემთხვევა დაფიქსირდა, თუმცა, საზოგადოებისთვის უცნობია, რა შედეგით დასრულდა გამოძიება, არ გავრცელებულა ინფორმაცია დაისაჯა თუ არა ვინმე ჟურნალისტის საქმიანობის ხელშეშლის გამო. უფრო მეტიც, ხშირ შემთხვევაში გამოძიება არ მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლით, რომლის თანახმადაც, ისჯება „ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა, ესე იგი მისი იძულება, გაავრცელოს ინფორმაცია ან თავი შეიკავოს მისი გავრცელებისაგან“.
„რუსთავი 2-ის“ გადამღებ ჯგუფზე თავდასხმაც ტელეკომპანიის ინფორმაციით, სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლით (ცემა) დაიწყო, რაც კიდევ ერთხელ აჩვენებს იმას, რომ ჟურნალისტის საქმიანობის დაცვის მიზნით კოდექსში არსებული 154-ე მუხლი პრაქტიკულად არ გამოიყენება.
"ამ კონკრეტულ შემთხვევაში გადამღებ ჯგუფს სწორედ პროფესიული მოვალეობის განხორციელებაში შეუშალეს ხელი. ამიტომაც მნიშვნელოვანია მას მიენიჭოს შესაბამისი კვალიფიკაცია, დადგეს დამნაშავე პირის პასუხისმგებლობა და საზოგადოებამ იცოდეს, რომ ჟურნალისტის საქმიანობას იცავს კანონი, რომლის დარღვევის შემთხვევაში დამნაშავე ადეკვატურად დაისჯება,"-აღნიშნულია განცხადებაში.