03 ოქტომბერი 2024,   17:29
ვრცლად
არასამთავრობოები პრემიერს მედიის უსაფუძვლო კრიტიკაში ადანაშაულებენ

არასამთავრობო ორგანიზაციების ერთი ნაწილისთვის გაუგებარია, რატომ გახდა პრემიერის აღშფოთების საგანი მხოლოდ ის, რომ მედიასაშუალებებმა "არავითარი სოლიდარობა" არ გამოიჩინეს მათი კოლეგა ზაზა დავითაიას მიმართ. არასამთავრობოები მიიჩნევენ, რომ ყველა მედიასაშუალებამ სათანადოდ გააშუქა ეს ინციდენტი და პრემიერის კრიტიკა გადამეტებულია.

ამასთან დაკავშირებით საგანგებო განცხადება გაავრცელეს "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ", "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ", "ფონდი ღია საზოგადოება – საქართველომ", "ადამიანის უფლებათა ცენტრმა", "კონსტიტუციის 42-ე მუხლმა", "სამოქალაქო განვითარების სააგენტომ" და "სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო ინსტიტუტმა".

განცხადების ავტორები მიიჩნევენ, რომ სათანადოდ უნდა იქნეს გამოძიებული, როგორც ჟურნალისტ ზაზა დავითაიას ცემის, ასევე "თავისუფალი ზონის" ოფისში პირთა ჯგუფის შეღწევის ფაქტი, რასაც ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა.

„ვფიქრობთ, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მიერ აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადება ცალსახად ხელს შეუშლის ამ ინციდენტის მიუკერძოებლად გამოძიებას. გაუგებარია, რატომ გახდა პრემიერის აღშფოთების საგანი მხოლოდ ის, რომ მედიასაშუალებებმა "არავითარი სოლიდარობა" არ გამოიჩინეს მათი კოლეგა ზაზა დავითაიას მიმართ. ფაქტია, რომ ყველა მედიასაშუალებამ სათანადოდ გააშუქა ეს ინციდენტი და პრემიერის კრიტიკა გადამეტებულია.

„ვფიქრობთ, რომ მსგავსი ინტერესი პრემიერმა ასევე იმ დაკავებული პირების უფლებების დაცვის საკითხის მიმართაც უნდა გამოხატოს, რომლებიც პოლიციელების მხრიდან განხორციელებულ ფიზიკურ ძალადობაზე ლაპარაკობენ. ამის მიუხედავად, ძალადობის უპირობო დაგმობის, პოლიციის სავარაუდო დანაშაულებრივი ქმედების გამოძიების აუცილებლობის ნაცვლად, მედიასთან საუბრისას პრემიერ-მინისტრი "თავისუფალი ზონას" "დესტრუქციულ ძალებს" უწოდებს და მათ "ნაციონალურ მოძრაობასთან" კავშირზე მიუთითებს.

„პრემიერის ამგვარი განცხადებები, შესაძლოა, სამართალდამველვი ორგანოების მხრიდან არასათანადო გამოძიების, ხოლო მოქალაქეთა გარკვეული ჯგუფებისთვის აგრესიული ქმედებების წახალისებად ჩაითვალოს. იმ შემთხვევაში, თუკი პრემიერ-მინისტრს (ან სხვა ნებისმიერ პირს) დანაშაულის შესახებ კონკრეტული ინფორმაცია აქვს, ის საქართველოს კანონმდებლობით ვალდებულია ასეთი ინფორმაცია სამართალდამცველ ორგანოებს მიაწოდოს, ხოლო თუ მსგავსი კონკრეტული ინფორმაცია არ არსებობს, მაშინ ასეთი მწვავე განცხადებები მთავრობის მეთაურის მხრიდან სასურველია არ გაკეთდეს. მითითებული შინაარსის განცხადებები არათუ ვერ განმუხტავს ახალგაზრდების ჯგუფებს შორის არსებულ სახიფათო დაპირისპირებას, არამედ შესაძლოა ისედაც დაძაბული სიტუაციის ესკალაცია გამოიწვიოს,“ - ნათქვამია განცხადებაში. 

დღის ამბები