„კორდონები და დაცვები არ არის საჭირო ხალხთან ურთიერთობისას,“ - ასე ეხმაურება ნაციონალური მოძრაობის აჭარის სიის პირველი ნომერი, ლევან ვარშალომიძე, ბეშუმში, შუამთობის დღესასწაულზე მომხდარ ინციდენტს.
შუამთობის აღნიშვნისას პრემიერ-მინისტრი სიტყვით გამოვიდა. ადგილზე მივიდა ლევან ვარშალომიძეც. ის დღესასწაულზე შეკრებილებს გაესაუბრა, რის შემდეგაც იმ სცენასთან მიახლოება სცადა, სადაც სიტყვით პრემიერ-მინისტრი გამოდიოდა. სამართალდამცველებმა ვარშალომიძეს სცენასთან მიახლოების საშუალება არ მისცეს.
„დღეს დიდი დღესასწაულია, ხალხის დღესასწაულია და ამოვედი, რომ მიმელოცა ჩვენი ხალხისთვის, მაგრამ ხედავთ კორდონს, როგორ არის დაცული მთავრობა ხალხისგან და სცენისგან. ახლა მივდივარ მათთან, ყველა უნდა მოვინახულო და მათთან ერთად მინდა, აღვნიშნო შუამთობის დღესასწაული. კორდონები და დაცვები არ არის საჭირო ხალხთან ურთიერთობისას,“ - განაცხადა ლევან ვარშალომიძემ.
შუამთობის დღესასწაულზე კიდევ ერთი ინციდენტი მოხდა. დოღის მიმდინარეობისას, მცირეწლოვანი გოგონა დაშავდა. მას ამ დროისათვის სამედიცინო დახმარება უტარდება.