გოთუას ქუჩაზე კლდის მასის ჩამოშლა დღესაც გრძელდება. ადგილობრივები ამ პროცესს ქუჩაზე მიმდინარე მრავალსართულიანი სახლის მშენებლობას უკავშირებენ. გოთუას ქუჩის მაცხოვრებლები ამტკიცებენ, რომ მშენებლობა უსაფრთხოების წესების დარღვევით მიმდინარეობს და თბილისის მერიას მშენებლობის შეჩერებას სთხოვენ.
მომხდარში ქალაქის მერი, დავით ნარმანია, წინა ხელისუფლებას ადანაშაულებს. მან დღეს ნაციონალური მოძრაობა დანაშაულებრივ საქმიანობაში დაადანაშაულა და მიმდინარე მშენებლობასთან დაკავშირებით თბილისის მთავრობის ყოფილი წევრების პასუხისმგებლობის საკითხი დაანონსა.
მშენებლობის უსაფრთოხებაზე პასუხისმგებლობას დავით ნარმანიას უწყებას საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატიც აკისრებს. ალეკო ელისაშვილი მშენებლობის შეჩერებას და სამშენებლო კომპანიის მიმართ სანქციების დაკისრებას ითხოვს.
სამშენებლო კომპანია x2 დეველოპმენტში სანქციების დაკისრების საკითხს "აბსურდულს" უწოდებენ.
მათი განცხადებით, მშენებლობა ყველა წესის დაცვით მიმდინარეობს. კომპანიის წარმომადგენლების ინფორმაციით, მთის ჩამოშლა გრუნტის წყლებმა გამოიწვია და ამ საკითხს მიმდინარე მშენებლობასთან არავითარი კავშირი არ აქვს. კომპანიის დამფუძნებელი დარწმუნებულია, რომ მშენებლობის შეჩერების შემთხვევაში კლდის ჩამოშლის პროცესი შეუქცევადი გახდება.
ავტორი: ირინა კეჭაყმაძე