19 ნოემბერი 2024,   21:23
ვრცლად
მოჭრილი ხეები დედაქალაქში - პროკურატურამ საქმეზე გამოძიება დაიწყო

თბილისში, ყაზბეგის გამზირზე მოჭრილი ჯანსაღი ხეების საქმეზე თბილისის პროკურატურამ გამოძიება დაიწყო. ამ წუთებში კი დაკითხვაზე პროკურატურაში ორგანიზაცია პარტიზანი მებაღეების წევრები იმყოფებიან. ისინი საგამოძიებო უწყებას მათ ხელთ არსებულ ინფორმაციას მიაწვდიან. 

დაკითხვაზე იმყოფება თბილისის საკრებულოს წევრი ალეკო ელისაშვილიც. 

“აქ კენედის მკვლელობა არ მომხდარა და არაფერი, არის ერთი მნიშვნელოვანი დანაშაული მერიის, გამწვანების სამსახურის და ზედამხედველობის სამსახურის და თავად ნარმანიას, რა არის აქ გამოსაძიებელი. მერიის გუშინდელი განცხადება იყო უბრალოდ ანეკდოტური იმიტომ, რომ ერთია, როდესაც ექსპერტი წერს თუნდაც არაკეთილსინდისიერ დასკვნას, მაგრამ ამის შემდეგ წესი და კანონი ითვალისწინებს იმას, რომ გამწვანების სამსახურს უნდა გადაემოწმებინა ადგილზე და მხოლოდ ამის შემდეგ გაეცა ნებართვა, ხოლო ზედამხედველების სამსახურის მეთვალყურეობით განხორციელებულიყო უშუალოდ ჭრის პროცესი. ეს ორი არ შესრულებულა იმიტომ, რომ ალბათ დიდი ფულის ტრიალი იყო და მხოლოდ ამიტომ,“ - განაცხადა ელისაშვილმა.

მოძრაობა პარტიზანი მებაღეების აქტივისტის, მარიამ ბაქრაძის თქმით ისინი პროკურატურას მიაწვდიან იმ ინფორმაციას, რაც მათ ადგილზე ნახეს.

“ მივაწვდით იმ ინფორმაციას რაც ადგილზევე ვნახეთ მისვლისას, რომ ეს ხეები არ იყო ხმელი და ის დასკვნა, რის მიხედვითაც გაიცა ნებართვა აჩენს ეჭვს, რომ რაღაცა არ არის წესრიგში. იმიტომ, რომ ნამდვილად საღი წიწვოვანი ხეები იყო მოჭრილი და ამ ფაქტებს ვეტყვით პროკურატურას,“ - აღნიშნა მარიამ ბაქრაძემ.   

საგამოძიებო ორგანომ თბილისის მერიიდან შესაბამისი დოკუმენტაცია უკვე გამოითხოვა. სავარაუდოდ საქმის გამოძიების ფარგლებში თბილისის მერიის შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლებიც დაიკითხებიან. 

დღის ამბები