მეოთხე დღეა შავ ზღვაში, გონიოს სანაპიროზე გრძელდება დაკარგული სამხედროების ძებნა. დღეს სამძებრო სამაშველო ოპერაციაში სპეციალური ტექნიკით აღჭურვილი თურქული ხომალდი ჩაერთვება. გემს დღის ბოლოსკენ ელოდებიან.
სამუშაოებში ჩართულია ავიაცია, სამაშველო ჯგუფები, ადგილობრივი სამსახურები და ამერიკის ევროპული სარდლობის სპეციალური დანიშნულების ძალები.
რამდენიმე საათში გონიოში ელოდებიან თავდაცვის მინისტრს. უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ლევან იზორია პირადად ჩაერთვება ძებნა-გადარჩენის ღონისძიებებში.
გონიოში უკვე მეოთხე დღეა იმყოფებიან დაკარგული სამხედროების ოჯახის წევრები, მათ იმედი აქვთ, რომ თურქული ხომალდის და მისი ეკიპაჟის წევრების დახმარებით სამხედროების პოვნა მოხდება.
სამხედროები გიორგი ნანიტაშვილი და იაგო შარაძე, გონიოში გეგმიური სწავლების დროს დაიკარგნენ. ისინი საზღვაო სპეცდანიშნულების სწავლებაში მონაწილეობდნენ. ზღვის სიღრმეში ჩაყვინთვის შემდეგ მათ ზედაპირზე ამოსვლა ვეღარ შეძლეს.
ავტორი: ეკო მაღრაძე