გონიოს სანაპიროზე დაკარგული სამხედროების სამძებრო სამუშაოების ოპერაცია გრძელდება. შეიარაღებული ძალების სპეციალური დანიშნულების სამხედრო მოსამსახურეები მებრძოლ მყვინთავთა კურსს გადიოდნენ.
იაგო შარაძისა და გიორგი ნანეტაშვილის ოჯახებს, 16 აგვისტოს მომხდარი შემთხვევის შესახებ დეტალური ინფორმაცია არ აქვთ და მხოლოდ ვარაუდებზე საუბრობენ. ვლადიმერ შარაძე ერთ გარემოებაზე ამახვილებს ყურადღებას და ამბობს, რომ იაგოს იმ დღეებში ყურების ანთება ჰქონდა.
სამხედროების სამძებრო სამუშაოებში თურქული ხომალდის დახმარება გახდა საჭირო. საქართველოს შესაბამისი ტექნიკა არ აქვს. მეზობელი ქვეყნიდან შემოსული გემი სკანირებას დიდ სიღრმეზე ახდენს. საქართველოს წყალქვეშა ცურვის ასოციაციის პრეზიდენტი თავად ამზადებს მაშველებს, სამხედრო ნორმატივები არ იცის, თუმცა ზოგად წესებზე საუბრობს და ამბობს, რომ ამ სფეროში საქართველოში ქვის ხანაა. დავით ნიკოლეიშვილი ვარაუდის დონეზე, ერთ-ერთ ვერსიად აღჭურვილობის შესაძლო გაუმართავობას ასახელებს.
აღჭურვილობაზე ან სხვა რაიმე დეტალზე ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო გამოძიების დასრულებამდე არ ავრცელებს. კაპრალისა და პირველი კლასის რიგითის ოჯახის წევრები კი მთელ დღეს სანაპიროზე ატარებენ და ღამე ელიან სიახლეს, ასევე ელოდებიან გამოძიების დასრულებას და იმის დადგენას თუ რატომ ვერ შეძლეს გიორგი ნანეტაშვილმა და იაგო შარაძემ წყლის ზედაპირზე ამოსვლა.
ავტორი: გვანცა სუთიძე.