03 ოქტომბერი 2024,   17:20
ვრცლად
პრემიერ-მინისტრმა ქუთაისში გუშინდელი შემთხვევის დროს გარდაცვლილის ოჯახს მიუსამძიმრა

მთავრობის ხელმძღვანელი პირობას  დებს, რომ „პოლიციელი ჩადენილი დანაშაულისთვის კანონის შესაბამისად აგებს პასუხს“.

ამის შესახებ განცხადება დღეს ირაკლი  ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან გუშინ ქუთაისში მომხდარი შემთხვევის კომენტარისას გააკეთა, რომლის შედეგად პოლიციელის მიერ დევნისას დაჭრილი ახალგაზრდა გარდაიცვალა.  

"ძალიან ვწუხვარ, ეს ძალიან ცუდი შემთხვევაა. მინდა, მივუსამძიმრო ოჯახს, რომელიც ასე ძალიან დაზარალდა. გუშინ მყისიერი რეაგირება მოახდინეს შინაგან საქმეთა სამინისტრომ და პროკურატურამ. როგორც იცით, პოლიციელი დაკავებულია და კანონის შესაბამისად აგებს პასუხს ჩადენილი დანაშაულისთვის,"  - განაცხადა ღარიბაშვილმა.

ქუთაისში, დევნის ოპერაციის დროს პოლიციელის მხრიდან გასროლის შედეგად 22 წლის მირზა ბუჩუაძე დაიღუპა.  მისი ახლობლები ვარაუდობენ, რომ შემთხვევა უბანში მომხდარ ქურდობას უკავშირდება.

შსს-ს  ოფიციალური ინფორმაციის თანახმად კი, „სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს თანამშრომლები ქალაქ ქუთაისში დევნას ახორციელებდნენ ქურდობის ფაქტზე მხილებული მირზა ბ-ს მიმართ. აღნიშნული პირი არ დაემორჩილა სამართალდამცველების მოთხოვნას, მათ წინააღმდეგობა გაუწია და საკუთარი ავტომობილით სცადა პოლიციელებს დაჯახებოდა.  ამის შემდეგ პოლიციის თანამშრომელმა მირზა ბ-ს მანქანის მიმართულებით გასროლა მოახდინა, რასაც ავტოსაგზაო შემთხვევა მოჰყვა. მირზა ბ. საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ გარდაიცვალა“.

აღნიშნულ ფაქტზე გამოძიებას აწარმოებს დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის საგამოძიებო ნაწილი, სისხლის სამართლის საქმე აღძრულია 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით, რაც უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს იარაღის გამოყენებით.

პოლიციელი დაკავებულია  და მას გამოძიების დასრულებამდე უფლებამოსილება აქვს შეჩერებული.  

დღის ამბები