19 ნოემბერი 2024,   23:35
ვრცლად
"იმედი", "მაესტრო", "GDS" და "საზოგადოებრივი მაუწყებელი" საერთო კვლევებს უკვეთავს

იმედი, მაესტრო, GDS და საზოგადოებრივი მაუწყებელი არჩევნებზე ერთი კომპანიის მომსახურებით ისარგებლებენ. ოფიციალურად კვლევები კომპანია TNS-ის სახელით გამოქვეყნდება, თუმცა საველე სამუშაოებს GORBI შეასრულებს. ეს ფაქტი კი მედია ექსპერტებსა და პოლიტიკოსებში ბევრ კითხვას აჩენს.

დაპირისპირების ცალკე თემაა საზოგადოებრივი მაუწყებლის მონაწილეობა ერთობლივ პროექტში. ტელევიზიის სამეურვეო საბჭოს წევრების ნაწილის პროტესტის მიუხედავად, არხის ხელმძღვანელობამ ეს გადაწყვეტილება მაინც მიიღო.

ერთობლივ ეგზიტპოლში 4-მა ტელევიზიამ 900 ათას დოლარზე მეტი უნდა გადაიხადოს. აქედან 200 ათას ლარს საზოგადოებრივი მაუწყებელი გადაიხდის. სამეურვეო საბჭოს წევრების ნაწილს კითხვები იმასთან დაკავშირებითაც აქვთ, რატომ დათანხმდა 3 კერძო ტელევიზია მეტის გადახდას და პირველი არხისთვის შეღავათის გაწევას.

საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორს კითხვებზე პასუხი დღეს არ გაუცია. გიორგი ბარათაშვილი საზღვარგარეთ იმყოფება. მოკლე სატელეფონო კომენტარი მხოლოდ სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარემ გააკეთა, რომელიც ერთობლივ ეგზიტპოლს მხარს უჭერს.

4 ტელეკომპანიის ერთობლივი ეგზიტპოლი დღეს რუსთავი 2-ის გენერალურმა დირექტორმაც შეაფასა. ნიკა გვარამიას თქმით, საერთო ეგზიტპოლით კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ არჩვენების დღეს ყველა ტელეკომპანია პრო სახელისუფლებო ინტერესებზე იმუშავებს.

რუსთავი 2-ის დაკვეთით ეგზიტპოლს საპარალამენტო არჩევნებზე კომპანია GFK ჩაატარებს. ეგზიტპოლი თბილისის გარდა 5 ქალაქს - ქუთაისს, ბათუმს , ზუგდიდს, გორსა და რუსთავს მოიცავს. გამოკითხვა ჩატარდება ასევე 5 რეგიონში კახეთში, ქვემო ქართლში, იმერეთში, სამეგრელოსა და აჭარაში.  

ავტორი: ნინო სამყურაშვილი

დღის ამბები