გოდერძი თევზაძე პოლიციას ჩაბარდა - ძალოვანი უწყების მთავარ პრობლემად მესამე სექტორი სისტემურ ძალადობას ასახელებს. არასამთავრობო ორგანიზაციებში თვლიან, რომ დემურ სტურუას თვითმკველობამდე მიყვანისთვის ბრალდებული ინსპექტორის ჩაბარება, მხოლოდ ერთ კონკრეტულ საქმეში მიმდინარე პროცესია და ხელისუფლებამ პოლიციის მხრიდან ძალადობის შეწყვეტის შესახებ პოლიტიკური გადაწყვეტილება უნდა მიიღოს.
გოდერძი თევზაძის განცხადებას, რომ ის მიმალვაში არ იმყოფებოდა, ექსპერტები პოლიციის უმოქმედობად მიიჩნევენ. სისტემურ დანაშაულზე საუბრობენ ოპოზიციაშიც და ობიექტური გამოძიების იმედი არ აქვთ.
ბრალდებები გაუგებარია მმართველი გუნდისთვის. სისტემურ პრობლემებს ხელისუფლება გამორიცხავს.
გოდერძი თევზაძე პოლიციას გუშინ საღამოს ჩაბარდა. მან ობიექტური გამოძიების მოთხოვნით შიმშილობა დაიწყო და საკუთარი ოჯახისთვის დაცვის დანიშვნა მოითხოვა.
გოდერძი თევზაძის დაკავების შემდეგ, მისმა ახლობლებმა პროკურატურასთან აქცია გამართეს. მათი შეფასებით, პოლიციელი უკანონოდაა დაჭერილი.
ავტორი: თეონა ცხომელიძე