03 ოქტომბერი 2024,   17:30
ვრცლად
კიწმარიშვილის ოჯახს გამოძიების მასალებს აცნობენ

ეროსი კიწმარიშვილის გარდაცვალების ფაქტზე მიმდინარე გამოძიების მასალებს დღეიდან ზურა კიწმარიშვილს და მის ადვოკატიც გაეცნობიან.

ოჯახის წევრებს მასალების გაცნობის საშუალება მანამდე მისცეს, სანამ პროკურატურა ანგარიშს საჯაროდ გამოიტანს. უკვე ცნობილია, რომ პროკურატურა საზოგადოების წინაშე პირველი ანგარიშით კიწმარიშვილის საქმეზე ერთ კვირაში წარსდგება.

ეროსი კიწმარიშვილის ძმა არ გამორიცხავს საქმის მასალების გაცნობის შემდეგ ოჯახმა ახალი ექსპერტიზის ჩატარება მოითხოვოს. ოჯახის ინტერესების დამცველი, მერაბ ჩიქოვანი კი აცხადებს, რომ საქმე საკმაოდ მოცულობითია და მისი შესაწავლისათვის, მინიმუმ, 2 კვირა იქნება საჭირო.

დამოუკიდებელი ექსპერტი, მაია ნიკოლეიშვილი კი ექსპერიმენტის ჩატარებას მოითხოვს. მისი მტკიცებით, თუკი პროკურატურა დასთანხმდება, ჩატარდეს მისი ინიცირებული ექსპერიმენტი, მაშინ მთავარ კითხვას - ეროსი კიწმარიშვილი მოკლეს თუ თავის მოიკლა, გაეცემა პასუხი.

შეხვედრის შემდეგ გახდება ცნობილი, თანახმა იქნება თუ არა პროკურატურა მაია ნიკოლეიშვილის მიერ ინიცირებული ექსპერიმენტის ჩატარებაზე.

ამ წუთებში ზურაბ კიწმარიშვილი, მერაბ ჩიქოვანი და მაია ნიკოლეიშვილი პროკურატურაში საქმის მასალებს ეცნობიან.  მათ საქმეში არსებული არც ერთი დეტალის გასაჯაროების უფლება არ ექნებათ.  

დღის ამბები