თითქმის ერთი თვეა პროკურატურა ბათუმში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევაზე გამოძიებას აწარმოებს, თუმცა ინციდენტში მონაწილე სამართალდამცველი არც პასუხისგებაშია მიცემული და თანამდებობაზეც რჩება - შეჯახების შედეგად გარდაცვლილი ქალის ოჯახის წევრები ბრალდებულის დასჯას ითხოვენ. გავრცელებული ინფორმაციით, საჭეს პოლიციის თანამშრომელი მართავდა. გადაჭარბებული სიჩქარით მოძრავი ავტომანქანა, ბათუმში გურამიშვილისა და ჯაფარიძის ქუჩების კვეთაზე 52 წლის ქალს 26 აგვისტოს შეეჯახა. ვარდო ბელაძე ადგილზე გარდაიცვალა.
გარდაცვლილის ოჯახის ინფორმაციით, გადაჭარბებული სიჩქარით მოძრავ მანქანას სამართალდამცველი მართავდა და ის შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. გამოძიებამ მისი ვინაობა მალევე დაადგინა, თუმცა ამ დრომდე არ დაუკავებიათ.
ავტოსაგზაო შემთხვევას ბევრი თვითმხილველი ყავს. მათი ინფორმაციით, მამაკაცმა შეჯახების შემდეგ ავტომობილი ადგილზე მიატოვა და ტერიტორია ფეხით დატოვა. ადგილობრივების ცნობით შეჯახებაში მონაწილე პოლიციელი ამ დრომდე თანამდებობაზე რჩება.
შინაგან საქმეთა სამინისტროში არ პასუხობენ, ამ დრომდე ინარჩუნებს თუ არა თანამდებობას ინციდენტში მონაწილე პოლიციელი.
ავტორი: თეა ვაშალომიძე.