01 ოქტომბერი 2024,   15:38
ვრცლად
"ქართული ენა მდიდარია ძმობის, მეგობრობის და ადამიანთა შორის სიახლოვის გამომხატველი გამოთქმებით,"- რომის პაპი

საქართველოში ვიზიტის ბოლო რამდენიმე საათი რომის პაპმა მცხეთაში, სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში გაატარა. მცხეთაში ფრანციესკეს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა უმასპინძლა. შეხვედრას პრემიერმინისტრი, მთავრობის წევრები, სასულიერო პირები, დიპლომატიური კორპუსისა და კულტურის სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

პაპმა და ილია მეორემ ტაძარში შეკრებილებს სიტყვით მიმართეს. ილია მეორემ რწმენის სიმტკიცესა და ტრადიციებზე გაამახვილა ყურადღება.

”მცხეთა საქართველოს ძველი დედაქალაქია და დღემდე უცვლელი სულიერი ცენტრია ქვეყნისა. იგი და მისი შემოგარენი ისეა გაშენებული, რომ მეორე იერუსალიმის განცდას ქმნის. ახლოსვეა გოლგოთა, ბეთანია, გეთსიმანია, თაბორი, ელეონი და სხვა. რამდენი ცრემლი და სისხლი დაღვრილა ამ მიწა-წყალზე! საქართველო ხომ მუდამ მტერთა შემოსევების ადგილი იყო, მაგრამ ეს პატარა ქრისტიანული ოაზისი, მაინც გადარჩა და თავისი მეობა შეინარჩუნა, თუმცა უდიდესი მსხვერპლის ფასად, ” - აღნიშნა პატრიარქმა. 

​ფრანცისკემ საქართველოს ისტორიაზე კულტურასა და ქრისტიანულ ფასეულობებზე ილაპარაკა.

"ქართული ენა მდიდარია ძმობის, მეგობრობის და ადამიანთა შორის სიახლოვის გამომხატველი გამოთქმებით. მათ შორისაა ერთი მეტად კეთილშობილი და გულწრფელი გამოთქმა - შენ გენაცვალე, რომლითაც გამოვხატავთ სურვილს შევენაცვლოთ სხვა ადამიანს, ვიტვირთოთ მისი გასაჭირი, საკუთარი სიცოცხლით შევეხიდოთ მას. ლხინისა და ჭირის გაზიარება, ლოცვით ერთობასა და სულიერ კავშირში, ერთმანთის ტვირთის ზიდვა - დაე, ამგვარი ძმური ქრისტიანული დამოკიდებულებით იყოს აღბეჭდილი ჩვენი ერთად სავალი გზა,"- აღნიშნა რომის პაპმა. 



ამავე თემაზე
დღის ამბები