01 ოქტომბერი 2024,   15:39
ვრცლად
სამართლიანი არჩევნები ხმების პარალელური დათვლის შედეგებს ხვალ, დილის 10 საათზე წარადგენს

მედიაცენტრში სამართლიანი არჩევნების აღმასრულებელმა დირექტორმა ბრიფინგი გამართა. მიხეილ ბენიძემ მე-4 განცხადება წარადგინა, სადაც შეჯამებულია კენჭისყრის მიმდინარეობისა და უბნების დახურვის პროცესი 22 საათის მდგომარეობით.

როგორც ცნობილია, სამართლიანი არჩევნები მთელი ქვეყნის მასშტაბით აკვირდება არჩევნების დღის მიმდინარეობას ხმების პარალელური დათვლის მეთოდოლოგიით.

ძირითადი დასკვნის მიხედვით, ხმის მიცემის პროცესი საარჩევნო უბნების აბსოლუტურ უმრავლესობაზე კანონის გათვალისწინებული წესების დაცვით ჩატარდა. ცალკეული საარჩევნო უბნების მიმდებარე ტერიტორიაზე შეინიშნებოდა დაძაბულობა, თუმცა, ამ გარემოებას ერთი გამონაკლისი შემთხვევის გარდა, არსებითი გავლენა არ მოუხდენია კენჭისყრის პროცესზე.

"მიუხედავად იმისა, რომ სამართლიანი არჩევნების დამკვირვებლებმა მთელ რიგ საარჩევნო უბნებზე დააფიქსირეს საარჩევნო პროცედურების დარღვევის შემთხვევები, მათ შორის რიგი მნიშვნელოვანი ხარვეზები, საერთო ჯამში მიგვაჩნია, რომ ამ ინციდენტებს არ შეეძლო არსებითი გავლენა ქონოდა ამომრჩევლის ნების თავისუფალ გამოვლენაზე," - განაცხადა მიხეილ ბენიძემ. 

აქვე არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ სამართლიანი არჩევნების მიერ ამ დროისათვის საარჩევნო საუბნო კომისიებში წარდგენილია 81 საჩივარი, ხოლო 75 საჩივარი წარდგენილია საოლქო კომისიებში. ჩანაწერთა წიგნში კი საბოლოო ჯამში დაფიქსირებულია 139 შენიშვნა.

სამართლიანი არჩევნები ხმების პარალელური დათვლის შედეგებს, პროპორციული სიის მიხედვით, 9 ოქტომბერს, დილის 10 საათზე წარადგენს.

 

დღის ამბები