საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების წარმომადგენლებმა დღეს შეაფასეს საარჩევნო გარემო და ცეესკოს მუშაობა. მათ კომენტარი რუსთავი2-თან დაკავშირებითაც გააკეთეს. მათ ასევე აღნიშნეს, რომ დემოკრატია არის არა მარტო არჩევნების ნორმალურად ჩატარება, არამედ არჩევნებიდან არჩევნებამდე მიმდინარე პროცესი.
სწორედ ამ კონტექსტში ახსენეს მათ რუსთავი2 და განაცხადეს, რომ პრეზიდენტთან და პრემიერთან შეხვედრისას ამ საკითხზეც ისაუბრეს.
„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ რუსთავი2-ს მიეცა საშუალება, თავისუფლად გაეშუქებინა საარჩევნო კამპანია. ეს იმის შედეგია, რომ ძირითადი შედეგები და განცხადებები, რომელიც საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან გაკეთდა, ხელისუფლებამ გაითვალისწინა. წარმოუდგენელია, ჩაატარო არჩევნები თავისუფალი და პლურალისტული მედიაგარემოს გარეშე. მოხარული ვარ, რომ ამ მინიშნებებს სცეს პატივი წინასაარჩევნო კამპანიის დროს და ცხადია, რომ ეს მომავალშიც ასე უნდა გაგრძელდეს. დემოკრატიას არ განსაზღვრავს მხოლოდ არჩევნები. მნიშვნელოვანია, რამდენად სცემს ხელისუფლება პატივს კანონის უზენაესობას, ადამიანის უფლებებს და განსაკუთრებით მედიის თავისუფლების პრინციპს. ეს გადამწყვეტი საკითხია საქართველოს დემოკრატიისთვის,“ - აცხადებს ევროპარლამენტის დელეგაციის ხელმძღვანელი, ანა გომესი.
ეუთოს სადამკვირვებლო მისიის სპეციალური კოორდინატორის და ხელმძღვანელის განმარტებით, რუსთავი2-ის საკითხი სამართლებრივი დავაა. სასამართლო სისტემის მიმართ უნდა იყოს ნდობა, რადგან ეს დემოკრატიული სახელმწიფო ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ელემენტია.
„რასაკვირველია, თქვენ გაქვთ სრული უფლება, გქონდეთ განსხვავებული სარედაქციო პოლიტიკა. თავისუფალი არჩევნების ჩატარება ნიშნავს, რომ ამომრჩეველს ჰქონდეს წვდომა ინფორმაციაზე,“ - განაცხადა იგნასიო სანჩეს ამორიმ.
ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის ხელმძღვანელი კი იმედს გამოთქვამს, რომ რუსთავი2-ის საქმე დროულად მოგვარდება, რადგან მას დიდი მნიშვნელობა აქვს ქართველი ხალხისთვის.
„საერთაშორისო საზოგადოება ყურადღებით აკვირდება რუსთავი2-ის საქმეს. როგორც დამკვირვებელი, ვერ ჩავერევი სამართლებრივ პროცესში, მაგრამ ჩვენ მოვახდინეთ ზეწოლა იმისთვის, რომ რუსთავი2-ს ჰქონოდა საშუალება, წინასაარჩევნო კამპანია გაეშუქებინა იმ სარედაქციო პოლიტიკით, რომელიც მას არჩეული აქვს. იმედს ვიტოვებთ, რომ ამ ქვეყანაში სასამართლო სისტემა გამართულად მუშაობს და მასზე პოლიტიკური ძალები გავლენას ვერ მოახდენენ,“ - აღნიშნა გულიელმო პიჩიმ.