03 ოქტომბერი 2024,   17:27
ვრცლად
საქართველოში მასწავლებელთა საერთაშორისო დღეს აღნიშნავენ

5 ოქტომბერს მსოფლიოში მასწავლებელთა საერთაშორისო დღე აღინიშნება. ამ დღეს აღნიშნავენ საქართველოშიც.

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრში დღევანდელი დღის აღსანიშნად პედაგოგებისთვის „ტექნიკური ლაბორატორია“ გაიხსნება, რომელიც მასწავლებლებს ადგილზე დამოუკიდებლად ვიდეო-გაკვეთილების მომზადების საშუალებას მისცემს. დღესვე გაიმართება სკოლის ბაზაზე მასწავლებელთა პროფესიული განვითარების გზამკვლევის პრეზენტაცია, რის შემდეგაც პედაგოგებისთვის საზეიმო მიღება და დაჯილდოება ჩატარდება. განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ლია გიგაური და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი გიორგი მაჩაბელი სხვადასხვა კრიტერიუმებით შერჩეულ 12 მასწავლებელს დაასაჩუქრებენ.

მასწავლებელთა საერთაშორისო დღეს საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირიც აღნიშნავს. მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში გამართულ ღონისძიებაზე მოწვეული სტუმრებისა და თბილისის პედაგოგებისთვის წარმოდგენილი იქნება საზოგადოების ცნობილი სახეების მოგონებები მათთვის საყვარელ პედაგოგებზე. ვიდეო რგოლში მონაწილეობას იღებენ: კახი კავსაძე, ეკა მამალაძე, ნატო მეტონიძე, მაია ბარათაშვილი, ეკა მიშველაძე და სხვ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში სულ 70 000-მდე მასწავლებელია. 

ამავე თემაზე
დღის ამბები