07 ოქტომბერი 2024,   12:17
ვრცლად
ამერიკელი ექსპერტები გაეროში რუსეთის მიერ აფხაზეთის საკითხის განხილვის დაბლოკვას ეხმაურებიან

გაეროს უშიშროების საბჭოზე უკრაინის მიერ დაყენებულ ინიციატივას, აფასებენ ვაშინგტონში.

უკრაინის დელეგაცია ითხოვს, რომ უშიშროების საბჭოში იყოს განხილული მოსკოვის შეთანხმება სოხუმთან, რუსულ-აფხაზური გაერთიანებული სამხედრო დაჯგუფების შექმნის შესახებ.

ამერიკელი ექსპერტები რუსეთის მხრიდან არსებულ საფრთხეზე საუბრობენ და  თვლიან, რომ არის მსგავსი სცენარის განმეორების საშიშროება სხვა რეგიონებში, მათ შორის ლუგანსკსა და დონეცკში.

„ყირიმი ანექსირებულია რუსეთთან. რუსი სამხედროები ყირიმში დგანან და მიდის მათი ძალების ზრდა. დონეცკს და ლუგანსკს რაც შეეხება, დიახ, მათ შეუძლიათ შექმნან მსგავსი ერთიანი სამხედრო მმართველობა, რადგან დე ფაქტო, რუსი სამხედროები მეთაურობენ, ამარაგებენ და მართავენ სამხედრო ძალებს დონეცკსა და ლუგანსკში,“- განაცხადა ჰერითიჯის ფონდის ანალიტიკოსმა არიელ კოენიმ.

რუსულ-აფხაზური შეთანხმება შეერთებული შტატების ადმინისტრაციამ 22 ნოემბერს დაგმო, მას შემდეგ, რაც რუსეთის სათათბირომ და ფედერაციის საბჭომ ხელშეკრულების რატიფიცირება მოახდინეს.

ამერიკელი სპეციალისტები ამბობენ, რომ უკეთესი იქნება, თუკი უკრაინელების ინიციატივა არა უშიშროების საბჭოზე, არამედ გენერალურ ასამბლეაზე განხილება, რადგან უშიშროების საბჭოში რუსეთი ვეტოს გამოყენებით ადვილად მოახერხებს ნებისმიერი რეზოლუციის დაბლოკვას.

„უშიშროების საბჭოში რუსეთის ვეტოს უფლების გათვალისწინებით, რაც შეიძლება გაკეთდეს, არის ის, რომ ეს ინიციატივა წავიდეს გენერალურ ასამბლეაში და ჩვენ ვნახეთ, რომ ეს მომხდარა რუსეთის აგრესიასთან კონტექსტში. სავარაუდოდ, შეგიძლიათ მიიღოთ გენერალური ასამბლეის რეზოლუცია, რეალური უმრავლესობის მხარდაჭერით,“-აცხადებს აშშ-ს ატლანტიკურ საბჭოსთან არსებული ევრაზიის ცენტრის დირექტორი ჯონ ჰერბსტი.

უკრაინაში რუსეთის აგრესიაზე უილსონის ცენტრში გამოსვლის დროს ისაუბრა დემოკრატმა სენატორმა კრის მერფიმაც. მისი თქმით რუსეთის მიზანი უკრაინის პოლიტიკურად და ეკონომიკურად დანგრევაა.

შეგახსენებთ, რომ უკრაინული მედიის ინფორმაციით უკრაინის დელეგაციამ მიმართა გაეროს უშიშროების საბჭოს, პრესისთვის ინფორმაცია შემდგარიყო შემდეგი პუნქტებისგან:

განიხილონ საქართველოში არსებული ვითარება და საბჭოს წევრებმა დაადასტურონ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ სრული მხარდაჭერა, მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, რასაც რუსეთის დელეგაციამ მხარი არ დაუჭირა.

ავტორები:დავით ნიკურაძე.

​​

დღის ამბები