07 ოქტომბერი 2024,   10:31
ვრცლად
ამერიკელმა სენატორმა ჯონ მაკკეინმა "რუსთავი 2"-ში სტუმრობის პირობა დადო

გავლენიანი ამერიკელი სენატორების ვიზიტი დასრულებულია. ორი დღის განმავლობაში ჯონ მაკკეინი, ლინსი გრემი და ემი კლობუშარი, შეხვედრებს ქვეყნის უმაღლეს პირებთან და ოპოზიციასთან მართავდნენ.

საქართველოში მედია პლურალიზმის მნიშვნელობასთან ერთად, ჯონ მაკკეინმა რუსეთის აგრესიული პოლიტიკა და ქვეყნის მეთაური კიდევ ერთხელ მწვავედ გააკრიტიკა და მოსკოვის წინააღმდეგ ახალი სანქციები დააანონსა.

ერთერთი მნიშვნელოვანი საკითხი ოფიციალურ შეხვედრებზე, როგორც თავად სენატორები აცხადებენ, რუსთავი 2-ის გარშემო მიმდინარე მოვლენებია.

საქართველოდან გამგზავრების წინ, ჯონ მაკკეინმა რუსთავი 2-ში სტუმრობის პირობაც დადო.

რესპუბლიკელი სენატორი ამბობს, რომ ყველაზე კრიტიკული ტელეარხის წინააღმდეგ მიმდინარე პროცესებს კარგად იცნობს.

შეერთებული შტატების კიდევ ერთი სენატორი ემი კლობუშარი აცხადებს, რომ მათ შეხვედრისას მთავრობის მეთაურს საკუთარი დამოკიდებულება გააცნეს და რუსთავი 2-ის ირგვლივ მიმდინარე მოვლენებსა და მედიის თავისუფლებაზე მკაფიო და გარკვევით აუხსნეს.

ჯონ მაკკეინსა და ლინდსი გრეჰემთან ერთად, ყველა ამ შეხვედრას დემოკრატი სენატორი ემი კლობუშარიც ესწრებოდა. სიტყვის თავისუფლებასა და კრიტიკული მედიის აუცილებლობაზე ამერიკული პოლიტელიტის დამოკიდებულება იდენტურია.

საქართველოს მეგობარ სენატორთა ჯგუფმა ვიზიტის მეორე დღე ოპოზიციასთან შეხვედრით დაიწყო. ამერიკელმა სტუმრებმა უმცირესობების უფლებებზე, ნაციონალური მოძრაობის დასავლურ ორიენტაციასა და ხელისუფლების მშვიდობიან გადაცემაზე გაამახვილეს ყურადღება.

დღესვე ჯონ მაკკეინი კრწანისში ნატოს საწვრთნელ ცენტრში იმყოფებოდა, მინისტრმა იზორიამ და გავლენიანმა ამერიკელმა პოლიტიკოსებმა ქართველი და უცხოელი სამხედროები დააჯილდოვეს.

ამერიკული დელეგაცია საქართველოს პრეზიდენტმაც მიიღო. ესტონეთის, უკრაინისა და საქართველოში ვიზიტის შემდეგ, მათ ევროპული ტურნე დღეს დაასრულეს.

ჯონა მაკკეინი, ლინდსი გრემი და ემი კლუბუშერი თბილისიდან დღესვე გაემგზავრნენ.

ავტორები: ნათია გოგსაძე, თაზო თხილიშვილი, მახო მეგრელიშვილი

დღის ამბები