07 ოქტომბერი 2024,   10:27
ვრცლად
ჯონ მაკკეინი - რუსეთის ხელისუფლების საოკუპაციო პოლიტიკის კრიტიკით ცნობილი სენატორი

ჯონ მაკკეინი საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე დიდი მეგობარი და შეერთებულ შტატებში გამორჩეული პოლიტიკოსია, რომელიც რუსეთის ხელისუფლების საოკუპაციო პოლიტიკას ღიად აკრიტიკებს და ვლადიმერ პუტინის მისამართით მკვეთრ განცხადებებსაც არ ერიდება.

2008 წლის არჩევნების პრეზიდენტობის კანდიდატი ექვსჯერ არის არჩეული სენატის წევრად. თუმცა, მაკკეინის ბიოგრაფიაში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაწილი, მისი ვიეტნამის ომში მონაწილეობას ეხება.

1967 წლის ივლისში ავიამზიდ ფორესტალზე მომხდარი ხანძრის დროს, სიკვდილს შემთხვევით გადაურჩა. 1967 წლის ოქტომბერში ჰანოის დაბომბვის დროს ის ჩამოაგდეს, რის შემდეგაც დაახლოებით 6 წელიწადი მძევლობაში გაატარა. ამ ხნის განმავლობაში, საკუთარ თავზე გადაიტანა წამების უმძიმესი წლები.

მიუხედავად იმისა, რომ ჯონ მაკკეინის გაცვლა ვიეტნამის ხელისუფლებამ შეერთებულ შტატებს არა ერთხელ შესთავაზა, მაკკეინმა გარიგებაზე უარი თქვა და რამდენიმე წელი, საკანში მარტომ გაატარა. ის მხოლოდ 6 წლის შემდეგ, 1973 წლის მაისში, პარიზის სამშვიდობო შეთანხმების საფუძველზე გაათავისუფლეს.

1981 წელს მაკკეინმა საზღვაო ფლოტიდან, არიზონაში გადაინაცვლა და პოლიტიკაში ჩაერთო. 1982 წელს ჯონ მაკკეინი, არიზონას პირველი საარჩევნო უბნიდან წარმომადგენელთა პალატის წევრი გახდა.

წარმომადგენელთა პალატაში ორი ვადით არჩევის შემდეგ, 1986 წელს, ისევ არიზონადან უკვე სენატის წევრად აირჩიეს და ამ დრომდე შეერთებული შტატების სენატორია. ამერიკელებმა მას სენატორის ტიტული, წელს უკვე მეექვსედ მიანიჭეს.

მაკკეინი შეერთებული შტატების პრეზიდენტობისთვის ბრძოლაში, რესპუბლიკური პარტიიდან 2000 წელს ჩაერთო, მაგრამ პრაიმერებში ჯორჯ ბუშმა დაამარცხა.
პრეზიდენტობის კანდიდატი კი 2008 წლის არჩევნებში გახდა, ისევ რესპუბლიკური პარტიიდან. პრეზიდენტობის კანდიდატის საარჩევნო კამპანია, საქართველოში რუსეთის ღია ინტერვენციას დაემთხვა.

თითქმის ყველა საარჩევნო შეხვედრაზე ჯონ მაკკეინი რუსულ ოკუპაციას გმობდა და საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას მხარს უჭერდა.

ჯონ მაკკეინი, ყოველთვის იყო მსოფლიოს ყველაზე ცხელ წერტილებში, როგორც ტერორიზმის, ოკუპაციის, ანექსიის და დიქტატურის წინააღმდეგ მებრძოლი პოლიტიკოსი.

სწორედ რუსული აგრესიის პერიოდში ესტუმრა ის უკრაინასაც და უკრაინელ ხალხს ღია მხარდაჭერა გამოუცხადა. ჯონ მაკკეინი, როგორც სენატის შეიარაღებული ძალების კომიტეტის ხელმძღვანელი, აქტიურად ლობირებდა უკრაინისთვის შეიარაღების გადაცემას. ასევე, ის იყო ერთ-ერთი ყველაზე აქტიური მხარდამჭერი, რუსეთისთვის სანქციების დაწესების.

ავტორები: თამარ ბაღაშვილი, გიორგი მაისურაძე

დღის ამბები